ეგზიტპოლის მიხედვით, რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ შორის, ვლადიმირ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულებას, მოსახლეობის 76 პროცენტი უჭერს მხარს. აღნიშნული შედეგები ორგანიზაცია “ვციომ”-მა გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.
ტვ “რეინი” კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოკითხვა 25-28 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 163 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან 29,4-მა პროცენტმა პასუხზე უარი განაცხადა. ეგზიტპოლის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 23,6 პროცენტმა მისცა ხმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი რუსეთში 25 ივნისს დაიწყო და 1-ლ ივლისამდე ჩატარდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობამ 30 პროცენტი შეადგინა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის. ერთ-ერთ ცვლილებად პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულება განიხილება, რის შემთხვევაშიც, მეორე ვადის დასრულების შემდეგ, 2024 წელს მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ისევ შეეძლება.
საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მიიღო რუსეთის პარლამენტმა და მას რეგიონულმა საკანონმდებლო ორგანოებმაც დაუჭირეს მხარი. პროექტის კონსტიტუციურობაში ეჭვი არ შეჰპარვია რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ამის შემდეგ კი, ცვლილებები საყოველთაო კენჭისყრაზე გავიდა.