პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რომელითაც მებრძოლების დისკრედიტაცია ისჯება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
ამიერიდან ყალბი ახალი ამბების გავრცელება ისჯება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით, ნაცვლად სამისა. ომის მონაწილეებისა და მოხალისეების შესახებ გავრცელებული ფეიკები, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მანამდე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ომში მონაწილეთა დისკრედიტაციისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება მოითხოვა. მისი სამხედრო კომპანიის მიერ დაქირავებული “ბოევიკები” სტატუსით სამხედრო მოსამსახურეებთან არიან გათანაბრებული.
კანონპროექტის ავტორებს შორის არიან სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი და მისი მოადგილე ირინა იაროვაია.
უფლებადამცველების თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო სისხლის სამართლის მუხლით 450-ზე მეტი ადამიანის მიმართ აღიძრა საქმე. მათგან 100-ზე მეტი პატიმრობაში იმყოფება.
კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების დისკრედიტაციისთვის. ცვლილებები არა მხოლოდ აწესებს პასუხისმგებლობას მოხალისეების დისკრედიტაციაზე, არამედ ზრდის სასჯელის ზღვარს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე. მანამდე კი ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთი წელი იყო. კანონში მოხსენიებულია კიდევ ერთი მუხლი: „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად საჯაროდ გავრცელება“.
გარდა ამისა, პუტინმა ხელი მოაწერა კიდევ ერთ კანონს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც მოხალისეების დისკრედიტაცია (თუ ის არ შეიცავს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას) დაისჯება ჯარიმით 30-50 ათას რუბლამდე რიგითი მოქალაქეებისთვის, 100-200 ათასამდე თანამდებობის პირებისთვის და 300-500 ათასამდე იურიდიული პირებისთვის.