ჰააგის გადაწყვეტილებას საქართველოდან მძაფრი კომენტარები მოჰყვა

საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკრაინული არხის FREEdom-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
ხაზარაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ამასთან, ინტერვიუს დროს მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგანან და მხარს უჭერს მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
„არის ერთი ადამიანი, რომელმაც მიისაკუთრა მთელი ხელისუფლება, პარლამენტი მთავრობა, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილს ხელში უჭირავს ძალაუფლება და ტოტალურად აკონტროლებს მას, ეს არის მთავარი პრობლემა. ის ვერ ხედავს თავის თავს ევროპაში. როგორ უნდა მოსწონდეს მას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა, როცა ევროპარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ძალიან მძიმე, მისი სანქცირების რეზოლუცია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ მოიგებს, ვინც თავისი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ხალხის ნება კი უკრაინის გვერდში დგომაა, ქართველი ხალხის ნება ევროპაა. დღეს უკრაინა იბრძვის არა მარტო თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად მიდის პირდაპირი პროპაგანდა რუსული პოლიტიკის. ძალიან სამწუხაროა და საშიში, რომ დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა ადამიანები, მთავრობაში და პარლამენტში რუსეთის პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები და პუტინის იდეოლოგიას პროპაგანდირებენ. ჩვენ დავაინიცირეთ ლუსტრაციის კანონი, მაგრამ ახლა ეს კანონიც აღარ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძალების გაერთიანება და არჩევნებისთვის მომზადებაა. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ დემოკრატიული ძალები, ადამიანები, რომელთაც უნდათ ნამდვილი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს აშენება. მე ვსაუბრობდი ქართული საზოგადოების გაერთიანებაზე კრიტიკულ მომენტში და ახლა ეს კრიტიკული მომენტი დადგა, საჭიროა ქართული საზოგადოების გაერთიანება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.
გადაწყვეტილება სინამდვილეში მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას.
ხვიჩიას განცხადებით, მთელი სამყარო უფლებამოსილი იქნება პუტინის მეგობრებს მოეპყრონ ისე, როგორც თანამზრახველებს.
ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს მძლავრი პოლიტიკური მესიჯია რუსეთის მოსახლეობისთვისაც.
„გადაწყვეტილება სინამდვილეში მიმართულია პუტინის მეგობრებისკენ და იმ ხალხისკენ, ვინც მასთან დამეგობრებას აპირებს, რადგან აქამდე ვინმეს თუ არ ესმოდა საერთაშორისო სასამართლომ გასაგებად უთხრა, რომ მათ კრიმინალთან ექნებათ საქმე. მთელი სამყარო იქნება უფლებამოსილი პუტინის მეგობრებს მოეპყრონ ისე, როგორც თანამზრახველებს და არა როგორც პოლიტიკოსებს. ამიტომ არის ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ეს ნაწილი. თავისთავად ცხადია, რომ მძლავრი პოლიტიკური მესიჯია, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობისთვისაც, თუ რასაკვირველია, ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს რაიმეს ცვლილების ძალა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, რა შეფასება ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „რა შეფასებაც არ უნდა ჰქონდეთ, ძალიან საინტერესო იქნება“.
„სკანდალური რუსული კანონის პერიპეტიების შემდეგ, ნებისმიერი მათი პოზიცია ინება საინტერესო და საყურადღებო მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომ ეტყობა მოფიქრების პროცესში არიან, რომ კარგად მოიფიქრონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კრემლში ძალაუფლების ტრანზიციის დაჩქარებას გამოიწვევს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამას შესაძლოა არ მოჰყვეს პუტინისტური ავტოკრატიული სისტემის დანგრევა და კრემლის მომავალი ხელისუფლებაც ავტოკრატული იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახალი ხელისუფლება, პირველ ხანებში მაინც, იძულებული გახდება, მნიშვნელოვნად შეარბილოს დასავლეთთან ურთიერთობები და ასევე, შეცვალოს დამოკიდებულება უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც გასულ კვირაში განვითარდა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა განვიხილოთ ვიწრო ჭრილში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური ადრესატი არის სი ძინპინი და პუტინი თამაშობს ობიექტის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დროის პერიოდი, როდესაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჰააგის ვერდიქტი პუტინთან დაკავშირებით ბუჩას ტრაგედიის შემდეგ ჰკიდია პუტინის თავზე, თუმცა გადაწყვეტილების გახმაურება მოხდა სწორედ ახლა, რაც შემთხვევითი არ არის მოსკოვში სი ძინპინის დაგეგმილი ვიზიტის წინ. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი არ შედის რომის სტატუტის ქვეყნებს შორის, ჰააგის ვერდიქტი გარკვეულ უხერხულობას მაინც შეუქმნის სი ძინპინს მოსკოვში ვიზიტის წინ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის თქმით, სი ძინპინმა ბოლო პერიოდში აქტიურად წამოიწყო და მოირგო „მშვიდობისმყოფელის“ როლი.
„გასულ კვირას ჩინეთმა მიაღწია უდიდეს დიპლომატიურ წარმატებას, როდესაც პეკინში მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა ირანი და საუდის არაბეთი, რასაც შედეგად მოჰყვა დიპლომატიური მისიების გაცვლა და მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად მისი კავშირი ირანთან, რაც პეკინის დიპლომატიური გამარჯვებაა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მარცხი. დასავლეთისთვის ჩინეთის, როგორც „მშვიდობისმყოფელის“ წაუგებელი თამაშის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში, პარალელურად მიმდინარეობს ჩინეთის, რუსეთის, ირანის სამხედრო საზღვაო ფლოტების სწავლება ამანის ყურეში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხდება ამ სამეულის ჩამოყალიბება ავტოკრატიული რეჟიმების მომავალი ალიანსისთვის.
„ამ პროცესების გათვალისწინებით, ჰააგის გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ ამერიკა – ჩინეთის მომავალი დიდი დაპირისპირების ჭრილში. ჰააგის სასამართლოს სანქცია რა თქმა უნდა ბევრ პრობლემას შეუქმნის პუტინს. ის ვერ შეძლებს დაესწროს სექტემბერში ინდოეთში C 20 – ის სამიტს, ამასთან ერთად ამ გადაწყვეტილებით პუტინის კონტაქტები საერთაშორისო პოლიტიკაში ბაშარ ასადის მსგავსი დიქტატორების და ასევე ავტოკრატების დონემდე შეიზღუდება“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ის, როგორც დამნაშავე, უკვე გარიყული და იზოლირებულია.
როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაშიც“ საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებულია, როგორც დანაშაული.
„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პუტინის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ისტორიული გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, დამტკიცდა ის, რომ ომში დამნაშავე პუტინია. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საერთაშორისო სამართალი მუშაობს. პუტინის დაკავების ორდერის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ის უკვე გარიყული და იზოლირებულია, როგორც დამნაშავე, როგორც გენოციდის მომწყობი, მათ შორის, უკრაინელი ბავშვებისთვის. ყველა იმ სამხედრო დანაშაულს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, სხვაგვარი სამართლებრივი ლეგიტიმაცია ეძლევა. მე, ასევე, საინტერესოდ მეჩვენება ევროპის შემაკავებელი და გამაფრთხილებელი გზავნილი ჩინეთის მიმართ.
რაც მთავარია, უკრაინის გამარჯვებას წინ ვეღარაფერი დაუდგება, რადგან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი აღმოიფხვრა. პუტინი ომის დამნაშავეა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რუსული გავლენა ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასაც“, არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის მიერ დამტკიცებულია, როგორც დანაშაული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.