ქაბულში იტალიის საელჩოზე იერიში რაკეტებით მიიტანეს [Video]
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა, – იუწყება Reuters.
ავღანური ტელეარხი TOLOnews გადმოსცემს, რომ იერიში, სავარაუდოდ, თალიბებთან მოლაპარაკების განახლებას უკავშირდება.
იტალიური სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, საელჩოს 2 ავღანელი მცველი დაიჭრა. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრეები მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება “თალიბანის” მიერ მიტანილი იერიშები გახშირდა. 1 იანვარს რესტორანთან, სადაც პოლიტიკოსები და დიპლომატები ისვენებდნენ, ტერორისტებმა ავტომობილი ააფეთქეს. 4 იანვარს ტერორისტმა-კამიკაძემ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან თავი აიფეთქა.
ავღანეთში ტერაქტები თალიბებთან მოლაპარაკების განახლების მცდელობის ფონზე გახშირდა, რომელიც 2015 წლის ივლისში შეწყდა. დღეს, 18 იანვარს ქაბულში აშშ-ის, ავღანეთის, პაკისტანისა და ჩინეთის წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ, რათა “თალიბანის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებაში საერთო ხედვა გამოიმუშავონ.