მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ქალაქი უმისამართოდ-თელავში ყოფილ სამხედრო ქალაქში ბინების დაკანონებას ითხოვენ

ორ ათეულ წელზე მეტია, თელავში ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე 16 ოჯახი, მისამართისა და ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობს.

ტერიტორიაზე, რომელსაც ” ვერხნი გოროდოკის” სახელით მოიხსენიებენ, სულ 7 საცხოვრებელი კორპუსია. აქედან სამი დანგრეულია და ადგილობრივების მტკიცებით, ნანგრევებში ქვეწარმავლები ბინადრობენ.

” ათეული წლებია, ვცხოვრობთ, გაზის, კანალიზაციის, თავზე სახურავის, გზისა და ყველანაირი პირობების გარეშე.დიდი დავის მერე, სასმელი წყლის ერთი წერტილი გამოგვიყვანეს და მერე ჩვენი ხარჯით სახლებამდე მივიყვანეთ. კანალიზაცია არ გვაქვს, ფეკალიები ხევში ჩადის და აქაურობა ყარს. ინფექციური დაავადებების უდიდესი საფრთხე გვაქვს. სახურავებიდან წყალი ჩამოდის, სახლები საშინელ დღეშია. ნანგრევებში ქვეწარმავლები ცხოვრობენ. თან კურიოზულია და თან დრამატული, მისამართი არ გვაქვს. წერილი რომ გამომიგზავნოთ არ მომივა. არჩევნებზე მოვლენ, დაგვპირდებიან და მერე იკარგებიან”- ამბობს რადიო ჰერეთთან, ანა დავითაშვილი.

საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ათეული წლებია, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა.

მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ, ისინი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, თუმცა იქ მცხოვრებმა პირებმა ფართები მაინც ვერ დაიკანონეს, რადგან ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის ჩატარებას დაუდგენელი მიზეზით აგვიანებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობისათვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მიმდინარეობს.

ახმეტა- თელავი- ყვარელი – ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის ბიუროში ადასტურებენ, რომ მერიას შუამდგომლობით დაახლოებით, ორი კვირის წინ მიმართეს.

” ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა პროცედურულად საკმაოდ გახანგრძლივდა. ბინები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო. გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ჩვენ მივმართეთ მერიას, რომ იმოქმედოს მოსახლეობის ინტერესების ფარგლებში და იქ მაცოვრებელ ადამიანებს, ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცეთ”- განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა, ნონა გოგატიშვილმა.

გამოცხადდება თუ არა აუქციონი, ან იქნება თუ არა, ეს ადგილობრივების ინტერესებზე მორგებული, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

 

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button