ქართული ჯანდაცვა კორონავირუსის წინააღმდეგ კვლავ “პლაქვენილს” იყენებს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პრეპარატ “პლაქვენილის” 1 000-ზე მეტი კოლოფი უკვე შემოტანილია და დამატებით 3 000 კოლოფს ელოდებიან, რომელიც საცალო გაყიდვაში ჩაეშვება.
“ვინაიდან შემოტანილია უკვე 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი,“ რომელიც საჭიროებისამებრ დარიგდა შესაბამის დაწესებულებებში, ველოდებით დამატებით 3 000 კოლოფს, რომელიც უკვე საცალო გაყიდვებშიც ჩაეშვება.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტ “პლაქვენილს” იყენებენ.
ეს გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვითაა გათვალისწინებული.
თუმცა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) თავის ვებ-გვერდზე წაშალა რეკომენდაცია ექიმებისთვის ჰიდროქსიქლოროქინის და ქლოროქინის შესახებ. მანამდე, ამ მედიკამენტით კორონავირუსის მკურნალობის რეკომენდაცია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
როგორც Reuters წერს, CDC-მ თავის ვებ-გვერდზე ეს რეკომენდაციები თავდაპირვლეად პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნის გამო გამოაქვეყნა, თუმცა, წამლებს, რომლებსაც ჩვეულებრივ, მალარიის წინააღმდეგ იყენებენ, COVID-19-ის შემთხვევაში ტესტირება არ ჩატარებიათ.