ქართული ოქრო-ვერცხლის დღე
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლატვიური ევროპირველობა სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა. შმაგი ბოლქვაძის (66 კგ) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) ოქრო მიამატა, ხოლო რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) – ვერცხლი.
დათუნაშვილმა ევროპირველობა საფრანგეთის ნაკრების წევრ ევრიკ ნიკოგოსიანთან შეხვედრა აშკარა უპირატესობით (8:0) დაასრულა. მან მოსაგებად 2 წუთი და 24 წუთი იკმარა. მეორე მეტოქესთან – თურქ ემრაჰ კუშთან გაცილებით მძიმე ბრძოლა გადაიტანა – 3:3-ზე ბოლო ქულის აღებით ისარგებლა.
მეოთხედფნალში ზურაბ დათუნაშვილმა წუთსა და 44 წამში სომეხ კარაპეტ ჩალიანს (8:0) სძლია. ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტს – ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევს დაეჭიდა და 3:1 მოუგო. ფინალში კი სერბ ვიქტორ ნემესთან მეორე პერიოდში 0:2-ს აგებდა და საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე შესრულებული 2-ქულიანი ილეთით პოდიუმის უმაღლესი საფეხური გაინაღდა.
85 კილოგრამში ლატვიურ ხალიჩაზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში რუსი ევგენი სალეევი გავიდა. მურსალიევის მსგავსად, ვერც მან შეძლო მორიგი ტიტულის მოპოვება და ჩვენდა გასახარად, ოქროსკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში მასაც საქართველოს ნაკრების წევრმა ჩაუკეტა – რობერტ ქობლიაშვილმა სალეევს მეორე პერიოდში, გაფრთხილების ხარჯზე ქულა აუღო, რომლითაც ანგარიში 1:1 გახდა და სალეევი ფინალს მიღმა დარჩა.
ნახევარფინალამდე ქობლიაშვილმა სერბი პეტერ ბალო 9:0-ით ჩამოიცილა, ხოლო პოლონელ ტადეუს მიხალიკს 3-0 აკმარა. ფინალში კი უკრაინის ნაკრების წევრთან – მსოფლიოს ჩემპიონ ჟან ბელენიუკთან 2:5 დამარცხდა.