ქართული ოთხეულიდან მხოლოდ ხოტენაშვილმა იმარჯვა
კატარის ღია პირველობაზე მოთამაშე ქართული ოთხეულიდან მე-4 ტურში წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია, ერთმა პარტია ფრედ დაასრულა, ორმა კი მარცხი განიცადა.
თეთრი ფიგურებით გამარჯვება ბელა ხოტენაშვილმა (2496) იზეიმა, რომელმაც რუს ალექსეი სლავინს (2388) აჯობა და 1.5 ქულით მე-100 ადგილი დაიკავა.
102-ე პოზიციაზეა სოფიკო გურამიშვილი (2368), რომელმაც შავებით ინდოელ კიდამბი სუნდარარაჯანთან (2513) წააგო და ასევე 1.5 ქულა შერჩა.
თითო-თითო ქულა აქვთ და შესაბამისად, 111-ე და 124-ე ადგილებზე იმყოფებიან ნინო ბაციაშვილი (2498) და ნანა ძაგნიძე (2559). პირველი თეთრებით ინდოელ აჰუჯა როჰანთან (2426) დამარცხდა, მეორემ კი შავებით ყაიმი შვედ პონტუს კარლსონთან (2433) გააფორმა.
მე-5 ტურში, რომელიც 24 დეკემბერს გახლავთ დაგეგმილი, 3 ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ითამაშებს. ხოტენაშვილი იტალიელ პიერ ლუიჯი ბასოს (2438) გაეჯიბრება, გურამიშვილი – ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი, 2448), ხოლო ძაგნიძე – იური გორიაჩკინს (რუსეთი, 2318).
რაც შეეხება ბაციაშვილს, ის შავებით კატარელ აზიზ ჰუსეინ ბეზადს (2425) დაუპირისპირდება, რომელიც მე-3 ტურში ძაგნიძეს დაუზავდა.
4 ტურის თავზე დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირს 3.5-3.5 ქულით 5 მოჭადრაკე ლიდერობს: ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), ჩაო ლი (ჩინეთი, 2750), უესლი სო (აშშ, 2775), მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2834) და მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი, 2684).