მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრევენციული ზომების დარღვევისთვის, 16 რესტორანი დააჯარიმეს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გასული კვირის ბოლოს კვების 26 ობიექტი შეამოწმა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის, 16 მათგანი 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის გახსნისთვის მზადების ეტაპზე, შესაბამისი მითითებები 11 400 კომპანიას მიეცა და ფუნდამენტური მოთხოვნების შესახებ პრევენციისთვის საჭირო დეტალური რეკომენდაციები, სექტორების მიხედვით გაიცა.

ფერაძის თქმით, ამ პროცესში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ჩართულნი იყვნენ დარგობრივი ასოციაციები, მათ შორის, რესტორნების ბიზნესიდან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში სტანდარტების დარღვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები სოციალური ქსელებითაც ბევრმა ნახა.

ბექა ფერაძე ამბობს, რომ სანქცია არ არის სახელმწიფოს თვითმიზანი. მან დაჯარიმებას უწოდა პრევენციისთვის საჭირო უკიდურესი აუცილებლობა: „აზრს კარგავს ყველანაირი რეგულაცია და ძალისხმევა, თუ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე“.

ფერაძის თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებაც და სანქციებს მიმართეს იმიტომაც, რომ კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც სტანდარტებს იცავს, არაკონკურენტულ გარემოში იყო.

საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები 1 ივნისიდან ამუშავდა. 8 ივნისიდან დახურული სივრცეებიც გაიხსნა. მათ კონკრეტული წესების დაცვა ევალებათ.

რაც შეეხება სასტუმროებს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაზაში 939 სასტუმროა დარეგისტრირებული. მათგან 150-მა უკვე მიიღო მუშაობის განახლების ნებართვა. 175-მა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. დანარჩენებმა ინსპექტირებამდე კიდევ რამდენიმე დღე ითხოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button