მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება” ევროპარლამენტარის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროკავშირის დახმარებასა და ნაციონალური მოძრობის “ძმაკაცების” ციხიდან გამოშვებას შორის ტოლობის ნიშანი ვერ იქნება.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა მაღალი შეფასება მიიღო საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, შესაბამისად, დახმარებაც სწორედ ამ მიმართულებით იქნა გამოყენებული. არ შეიძლება დახმარებასა და ვინმეს, ნაციონალური მოძრაობის ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიზანი”. — თქვა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატის აზრით, ნაციონალური მოძრაობა ღიად აცხადებს, რომ თუ მათ “ძმაკაცებს” ციხიდან არ გამოუშვებენ, ყველა გზას, ტყუილსა და ძალადობას გამოიყენებს.

ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ბერაიაც ეხმაურება. როგორც იგი აცხადებს, სამწუხაროა ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი დახმარება “კონკრეტული კრიმინალების” გათავისუფლებას დაუკავშირონ. მისი თქმით, ამას აღიქვამენ, როგორც მოწოდებას, ხელისუფლება ჩაერიოს მართლმსაჯულებაში, რაც მიუღებელია.

“საქართველო არის კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო და შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და ჩვენთვის არის მიუღებელი”. — განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა “დიდი მონდომებით და სიხარულით” ცდილობს, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, საქართველოს იმიჯი დააზიანოს. თუმცა, ბერაიას განცხადებით, ქართულ-ევროპული ურთიერთობები და პარტნიორობა ძალიან მყარია.

“ამას ჩვენ წლებია ძალიან დიდი მონდომებით და ძალისხმევით ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დღის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ”. — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ის დახმარება, რომელსაც საქართველო პანდემიასთან გასამკლავებლად იღებს, დაკავშირებულია დემოკრატიულ პროცესებთან, რომელიც მთავრობამ უნდა აჩვენოს. მათ შორის, ევროპარლამენტარი აღნიშნავს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

კუბილიუსი წერს, რომ საქართველო ევროკავშირისგან და მისი პარტნიორებისგან, დახმარების სახით, 500 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარებას აგრძელებს, რომ მათ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოახერხონ. მისი თქმით, პანდემიისგან ეკონომიკაზე დარტყმის დაძლევის ერთადერთი გზა “ევროპული სოლიდარობაა”.

“ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ამ ნდობის მიღწევა მხოლოდ წინამდებარე ვალდებულებისა და დაპირებების შესრულების პროგრესირებას შეუძლია, მათ შორის, 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის”. — აღნიშნავს კუბილიუსი.

კუბილიუსი ამბობს, რომ ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა მოახლოებულ არჩევნებზე მთავრობას საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა ჰქონდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button