მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა

პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა.

ადგილზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა. შენობის ირგვლივ სპეცრაზმია განთავსებული, რომელსაც ცოცხალი კედელი აქვს აღმართული და შენობის შესასვლელი სრულად გადაკეტილია.

როგორც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს, „ბევრი ასეთი კერა გაჩნდება“.
ამასთან, პარლამენტთან მყოფი მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას, სამოქმედო გეგმას კი საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებმა 24 ივნისს გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის, გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს. ვადა დღეს იწურება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს, რომ არც “კობახიძისეულ” და არც “რადიკალურ ოპოზიციის” გეგმებს არაფერი საერთო აქვთ ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან.

“ყველამ, პოზიციამ, თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა ( რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო) …

თუმცა გამოცხადებულ გეგმებს – კობახიძისეულს ( “თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა – არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან”.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა ქვეყნის ღირსებას იცავს და მას არ უნდა შეეცვალოს გეზი…

“ჩვენ ყველანი კი -ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია – ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით !

და გამოჩნდება ვის რა უნდა : ევროპა თუ ძალაუფლება!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ 4 ივლისის დილით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.

სამომავლო გეგმებზე მან პარლამენტის წინ მდგარი ტრიბუნიდან მიმართა აქციის მონაწილეებს.

“ჩვენ ვთქვით, რომ თუ ხელისუფლება არ ასრულებს ჩვენს დაყენებულ პირობას, ჩვენ 3 ივლისამდე გვქონდა ულტიმატუმი დაყენებული. რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ისინი კომფორტში არიან – ჩვენ აქ ვიკრიბებით და რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება. ამტომ დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით “ქაჯეთის ციხეს” და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან აქედან არ ესმით… მივალთ დილით და ავუხსნით იმას, რაც აქედან ვერ ავუხსენით, ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ”, – თქვა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარტია “ქართული ოცნების” ოფისისკენ ორგანიზაცია “დემოკრატიის მცველების” დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის მოწოდების შემდეგ დაიძრა.

დღეს, 3 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე “შინ ევროპოსკენ” შეკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.

ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მართავს. წინა ორმა აქციამ ათიათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button