ქართული რადიო 95 წლისაა
1925 წელს ნავთლუღში 120 მეტრიანი სამხედრო რადიოანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა.
მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა 23 მაისს დაიწყო.
სწორედ ეს დღე ითვლება ქართული რადიოს დაბადების დღედ.
საცდელი პერიოდის შემდეგ, რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა. თავდაპირველად, ეთერში მხოლოდ საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა. მრავალი წლის განმავლობაში რადიო უალტერნატივო მაუწყებლად რჩებოდა, თუმცა მან მსმენელი ტელევიზიის ამოქმედების შემდეგაც შეინარჩუნა.
ავტომობილში რადიო კვლავ უალტერნატივო მედიასაშუალებად რჩება. მხოლოდ დედაქალაქში, რადიოს ყოველდღიურად, 500 ათასი ადამიანი უსმენს.
სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” ყველა რადიოსადგურს და რადიომსმენელებს ქართული რადიოს დაბადების დღეს ულოცავს.