ყალბი ბანკნოტების გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტსა და ფიზიკურ პირებზე, სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციის ლარის გაყალბებულ კუპიურებს.
„საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი 20 და 50 ლარიანი ბანკოტები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე” – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.