ყარაბაღიდან სომხეთში ორი დღის განმავლობაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი მთიანი ყარაბაღიდან 28 ათასზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა.
ოფიციალური ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის რესპუბლიკაში 28 120 იძულებულად გადაადგილებული პირი შევიდა.
მათივე ცნობით, 21 000 ადამიანის სარეგისტრაციო პროცესი დასრულებულია, 7 000-ზე მეტი ადამიანის საჭიროებების შეფასება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება საცხოვრებელს მისცემს ყველას, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. მათივე ცნობით, სიუნიქის, ვაიოცძორის, ტავუშის და არმავირის რეგიონებში საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილია 3 000-ზე მეტი ადამიანი.
„საცხოვრებლით 3200-ზე მეტი ადამიანია უზრუნველყოფილი, ვისაც განთავსების სხვა ვარიანტები არ ჰქონდათ. ხამკენდიდან სომხეთის ქალაქ კორნიძორამდე მიმავალი გზა გადავსებულია, ზოგიერთი ადამიანი რიგში მეორე დღეა ელოდება გადასვლის საშუალებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა და სომეხი ეროვნების მოქალაქეებისთვის გასვლის უზრუნველყოფას შეჰპირდა.
ამასთან 25 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 125 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა სამშაბათს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.
კიდევ 67 დაშავებული ერევნის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში იმყოფება, მათი უმეტესობის მდგომარეობა მძიმე ან უკიდურესად მძიმეა.
წინა ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სტეფანაკერტის (აზერბაიჯანული სახელწოდება ხანკენდი) მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც, სავარაუდოდ, ბენზინს ურიგებდნენ ლტოლვილებს, რომლებიც სომხეთში გამგზავრებას ცდილობდნენ. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ბენზინის გადამზიდი, რომელშიც საწვავი იყო. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უარყო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მინისტრ ანაიტ ავანესიანზე დაყრდნობით 26 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთში გადაასვენეს მთიან ყარაბაღში ბენზინის საცავის აფეთქების შედეგად დაღუპული 125 ადამიანის ცხედარი. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მინისტრის ინფორმაცია ეხებოდა ყარაბაღიდან ბოლო საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გადასვენებულთა საერთო რიცხვს.
ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენმა გეგამ სტეპანიანმა 26 სექტემბერს, ღამით განაცხადა, რომ დადასტურებულია აფეთქების შედეგად 68 ადამიანის სიკვდილი. მათგან ამოცნობილია 21. სტეპანიანის ინფორმაციით, 290 დაშავებულიდან 168 სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
25 სექტემბერს ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა სტეფანაკერტის (აზერბაიჯანული სახელწოდება ხანკენდი) მახლობლად მდებარე საწვავის საცავში. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ათიათასობით ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. 20 სექტემბერს არაღიარებული რეგიონის ხელმძღვანელობამ კაპიტულაცია მოახდინა ბაქოს პირობებით. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკებები აწარმოოს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის საკითხზე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებმა გამართეს ორი შეხვედრა, რომლებზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს იმ მცხოვრებთა უფლებების დაცვის საკითხები, რომლებმაც ყარაბაღში დარჩენა გადაწყვიტეს. კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გამოცხადებულა.
ბოლო მონაცემებით, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე გადავიდა 19 ათასი მცხოვრები, რომლებსაც არ სურთ ბაქოს იურისდიქციის ქვეშ ყოფნა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, მიიღოს ყარაბაღის 40 ათასი მოსახლე. ამავე დროს, მან აზერბაიჯანის ხელისუფლება „ეთნიკურ წმენდაში“ დაადანაშაულა.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა ტერიტორიის დიდ ნაწილს, სადაც პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე შეიარაღებული კონფლიქტები. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც სომხეთმა არ აღიარა.