მნიშვნელოვანიმოზაიკა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ტელეწამყვანი გახდა

 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი “ბიზნეს მედია საქართველოს” გუნდის სახე გახდა.

ალექსი პეტრიაშვილი ტოკ-შოუ “საქმიანი დილა”-ს თანაწამყვანი იქნება.

როგორც “ბიზნესმედია საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე ამბობს, ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეო ბლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათ გავლენებზე მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე.

“ბუკა იმ პროფესიონალთაგანია,რომლის ტუტორიალზე მიმძიმს “ყოფილი”-ს სტატუსის ხილვა…
ჩვენთვის პატივია ამ კალიბრის და რანგის დიპლომატის, პროფესიონალის, გამორჩეული ღირებულებების, მეგობრის და პიროვნების ჩვენს გვერდში ყოფნა!ბუკას ბლოგებს და მოსაზრებებს ასევე რეგულარულად იხილავთ”- აღნიშნავს ისაკაძე, რომლის თქმითაც მისი ბლოგები Forbes Georgia –ს გამოცემებშიც დაიბეჭდება.

ალექსი პეტრიაშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2012-2014 წლებში.1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის განხრით. 1998—2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2001—2002 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი, 2002—2004 წლებში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი, 2004—2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

2012 წლის ოქტომბრამდე იყო პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი.2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს პარლამენტის წევრად, ხოლო 25 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. 2014 წლის 5 ნოემბერს იგი თანამდებობიდან გადადგა.პეტრიაშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წელს კი პოლიტიკიდან წავიდა.

Business Media Georgia წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც თავს უყრის ახალ ამბებს ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ისე და ონლაინგამოცემაში. Business Media Georgia-ს სატელევიზიო პროდუქტებია გადაცემები: “საქმის კურსი”, “ანალიტიკა“, “საქმიანი დილა“, “ქალების ნარატივი“. BMG-ის გადაცემების ნახვა ყოველდღიურ რეჟიმში შესაძლებელია TV Pirveli-ის პირდაპირ ეთერში. ყოველდღიურად პროექტი “საქმის კურსი” რადიოების “თბილისისა” და “ჰერეთის” ეთერშიც გადაიცემა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button