ყურძნის ფასით უკმაყოფილო გლეხები პარლამენტში მივიდნენ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით დაიწყო.

სხდომის დღის წესრიგის მთავარ თემას 6 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშის მოსმენა წარმოადგენდა. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა დღის წესრიგში ყურძნის სუბსიდირების საკითხის შეტანა და მისი განხილვა მოითხოვეს.

სხდომაზე მივიდნენ კახეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩასული მევენახეები, რომლებიც ყურძნის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარეების მხრიდან აღინიშნა, საკითხზე დღეს ვერ იმსჯელებენ, რადგან მოუმზადებლი არიან და, შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარეებმა ყურძნის ჩაბარების თემის განხილვაზე უარი თქვეს. ამას “ნაციონალური მოძრაობის” და გლეხების პროტესტი მოყვა.

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მევენახეებს შეექმნათ პრობლემა, მათ პასუხის გასაცემად “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართეს, ხოლო ხელისუფლება ვალდებულია გასცეს პასუხი მათ პრეტენზიებს.

გლეხები განმარტავენ, რომ ფასი, რასაც მათ ყურძნის ჩაბარებაში სთვაზობენ, მიუღებელია.

მევენახეთა თქმით, სულ მცირე ერთი ლარის ფარგლებში უნდა მოხდეს კილოგრამი ყურძნის ჩაბარება, რათა ზარალი არ ნახონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button