ყვარელში მაღაზიის მფლობელმა პურის საცხობს ავადმყოფებთან პურის მიტანა აუკრძალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ერთ- ერთი სასურსათო მაღაზიის მფლობელმა, პურის საცხობს ავადმყოფებთან პურის მიტანა აუკრძალა.
იმ შემთხვევაში, თუ საცხობი, გადაადგილების უნარის არმქონე, რამდენიმე პირს, პურს შეღავათიან ფასში, საცხოვრებელ ადგილზე მიაწვდის, მაღაზიის მფლობელი, საცხობის მეპატრონეს ხელშეკრულების შეწყვეტით ემუქრება.
ადგილობრივები, რომლებთანაც საცხობის მფლობელს, სამ დღეში ერთხელ, სულ 16 პური მიჰქონდა, ამბობენ, რომ სახლში მიტანის სერვისით, თითქმის ერთი კვირაა ვეღარ სარგებლობენ.
” ასე ოთხი ოჯახია, რომელიც ამ სერვისით სარგებლობდა. ერთი მათ შორის, უსინათლო მოხუცია, ერთს ფეხებზე თითები აქვს დაჭრილი და მხედველობა უჭირს. მოკლედ, ყველა ავადმყოფია. ფაქტიურად, პურის ლუკმა გადაგვიკეტა მაღაზიამ და აიძულა საცხობის მეპატრონე, აღარ მოგვემსახუროს, მხოლოდ იმიტომ, რომ ათ თეთრს ამატებს თვითონ. იქ როგორ მივალთ, ან რატომ არ გვაქვს უფლება, შეღავათით შევიძინოთ პური, ან პანდემიაში, რა დროს ავადმყოფების ხარჯზე ფულის კეთებაა. იძულებული ვართ, მეზობლებს ვეხვეწოთ, მაგრამ ყოველთვის ვერავინ მოგემსახურება”- ამბობს ერთ ერთი.
სასურსათო მაღაზიის მფლობელი, ელიკო ავაზაშვილი ადასტურებს, რომ საცხობის მფლობელს ულტიმატუმი მართლაც წაუყენა.
” თუ საცხობი, პურის მიტანას გააგრძელებს, ჩემს მაღაზიაში პურს ვეღარ გაყიდის. ეს არის ბიზნესი და ჭკუის სწავლება არ მჭირდება. ვისაც როგორ უნდა, ისე მოიგვაროს პრობლემა”- განაცხადა ავაზაშვილმა.
თავად საცხობის მფლობელი, დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ადასტურებს, რომ ბინაზე მომსახურების სერვისი, მაღაზიის სასარგებლოდ გააუქმა.
” მითხრა, უბანში პური მიგქონებიაო. მაღაზიაში 80 პურის რეალიზაციას ვახდენ, ამიტომ აღარ იყო სწორი, რომ სახლში მიტანის სერვისი შემენარჩუნებინა”- განაცხადა საცხობის მეპატრონემ.
ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მერაბ სეფაშვილის განმარტებით, პანდემიის პირობებში, კერძო ბიზნესის გადაწყვეტილებებს კანონი ვერ არეგულირებს.
” სპეციალური რეგულაცია არ არის. კერძო ბიზნესია და თვითონ წყვეტს, მაგრამ მორალურად რა ამბავიც არის, ეგ მეორე საკითხია. ამაზე მაღაზია უნდა დაფიქრდეს”- განაცხადა სეფაშვილმა.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა გზებით მოახერხებენ პურის შეძენას ავადმყოფები, რომლებისთვისაც გადაადგილება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.