მნიშვნელოვანისაქართველო

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს, რომელსაც „ლუგარის ლაბორატორიაში“ 2 მაისს ჩატარებული PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, ამავე ლაბორატორიაში განმეორებით, ორჯერ გაკეთებული PCR ტესტით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ექიმი ქალი კოვიდინფიცირებული არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ექიმს დამატებითი, ჩაღრმავებული კვლევა ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, რა ტიპის ვირუსი აქვს.

დღეს, გამართულ ბრიფინგზე ნელი ხიზანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ლუგარის ლაბორატორია“ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა აღიარებული და მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა გამორიცხულია.

“მედიცინაში ორჯერ ორი ყოველთვის ოთხი არ არის და გვინდა, რომ ამის მიზეზები დავადგინოთ”, – განაცხადა ხიზანიშვილმა. მისი თქმით, საზოგადოებაში კითხვები რომ არ დარჩეს, უნდა მოიძებნოს მიზეზი, რატომ მოხდა, რომ ექიმს პირველად ჩატარებული ტესტით დადებითი პასუხი ჰქონდა, შემდეგ კი – უარყოფითი.

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება და შესაძლოა, დღეს საკარანტინე სივრცეში გადაიყვანონ.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონი კორონავირუსისგან თავისუფალი ე.წ. მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button