მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

საქართველოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს.

ცვლილებებს რამდენიმე წუთის წინ უყარეს კენჭი. პროექტს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა შვიდი კანონმდებელი.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას “სისხლის სამართლის კოდექსის“ რამდენიმე მუხლი დაემატა.
აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის გათვალისწინებით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სამსახურებში გადანაწილდება 120 თანამშრომელი, რომელიც ამჟამად ინსპექტორის სამსახურში არის დასაქმებული. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლა არ მოუწევთ.

კერძოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლები სამსახურის ბაზაზე შესაქმნელ ორ ახალ უწყებაში დაინიშნებიან. დანარჩენი დეპარტამენტების თანამშრომლები კი, ახალ სამსახურებში საკუთარი ნებისა და არჩევანის შესაბამისად განაწილდებიან. ამისათვის კი მათ წერილობით თანხმობის დაწერა მოეთხოვებათ.

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია 25 დეკემბერს გავრცელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button