მნიშვნელოვანისიახლეები

74 ხმით 22-ის წინააღმდეგ-“ოცნებამ” ახალი რუსული კანონი მესამე მოსმენითაც მიიღო

შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი – 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.
ცვლილებების შინაარსს ოპოზიცია აკრიტიკებს. ისინი ახალ აკრძალვებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას ხედავენ. მათ საპასუხოდ მმართველმა გუნდმა განმარტა, რომ ცვლილებების მიზანია უსაფრთხოების დაცვა და რისკების გამორიცხვა.

რაც შეეხება ცვლილებებს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
“ქართული ოცნების” მორიგ რეპრესიულ კანონპროექტს ოპონენტებმა უკვე უწოდეს რუსული კანონი ნომერი 2, რადგან ამ კანონპროექტით მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი – 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში “ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ”.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button