მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა გაზრდილია

ზამთრის დადგომასთან ერთად სეზონური ვირუსების გავრცელების არეალმა იმატა. სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორ კვირაში გრიპის ვირუსის გავრცელება თითქმის გაორმაგებულია. მისი სიტყვებით, ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1 და H1N3 ტიპის გრიპის ვირუსები.

მედიკოსების თქმით, ვირუსების შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება მსგავსია – მაღალი ცხელება, ხველა და სასუნთქი გზების დაზიანება. გრიპის ვირუსს ახასიათებს მადის დაკარგვა და ძლიერი თავის ტკივილიც.
ჩხაიძემ ისაუბრა იმ სიმპტომებზე, რომლებიც გრიპის ვირუსის დროს ვლინდება და თქვა, რომ ბავშვების შემთხვევაში არსებულ სიმპტომებს ემატება უმადობა, ძილიანობა და საჭიროა, რომ პროცესი ექიმის მიერ იყოს მართული.

ინფექციონისტი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა:

“ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა. თუ გადავხედავთ იმ ციფრებს, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 2023 წლის 49-ე და 51-ე კვირის მონაცემებს თუ შევადარებთ, პრაქტიკულად გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა. თუ 49-ე კვირას ეს ციფრი იყო 16%, ორი კვირის შემდეგ 27% გახდა.

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38 და უფრო მეტი, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, ბავშვებში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა ან ჭირვეულობა, ეს ყველაფერი მიუთითებს სწორედ გრიპის ვირუსის არსებობაზე. ამიტომ, განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში ეს შემთხვევა უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის წევრების, არამედ ექიმის მიერაც მართული,” – ამბობს ჩხაიძე.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი აღნიშნავს, რომ თუ ადამიანს სუნთქვის გაძნელება და ტემპერატურა აღენიშნება, აუცილებლად უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას და ანტიბიოტიკები თვითნებურად არ უნდა მიიღოს. ამასთან, მედიკოსების რეკომენდაციებით, ინფიცირების შემთხვევაში უნდა დარჩეთ იზოლაციაში, მიიღოთ სითხეები და აკონტროლოთ ტემპერატურა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის თქმით გრიპის ვირუსის გავრცელება “გასაკვირი არაა, ვინაიდან ეს ის სეზონია, როდესაც გრიპის ვირუსი ყველაზე მეტად ცირკულირებს ხოლმე“.

ბუწაშვილის თქმით, გრიპი ძირითადად მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით. „აუცრელებში, ზოგ შემთხვევაში, გვაქვს ხოლმე გართულებები, ძირითადად პნევმონიის სახით. აცრილებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს“, – აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. მისი სიტყვებით, არის ასევე რესპირატორულ- სინციტიური ვირუსის შემთხვევები. „კვლავ არის კოვიდის შემთხვევებიც. საბედნიეროდ, მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ გახანგრძლივებული ტემპერატურით და საერთო სისუსტით კოვიდის შემთხვევები კვლავ არის“.

რაც შეეხება სიფრთხილის ზომებს, მაია ბუწაშვილის თქმით, „სტანდარტულად ყველა შემთხვევაში და როგორც კოვიდის დროს ვაფრთხილებდით, ეს არის ხელების ხშირი დაბანა, თავშეყრის ადგილებში სიფრთხილე და ტემპერატურის შემთხვევაში ადამიანებთან კონტაქტის შემცირება“.

ბოლო ერთი კვირაა მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. მოზარდების ნაწილი კლინიკებში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად, ცირკულირებს A ტიპის ვირუსები. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

“ძირითადი ჩივილები, რაც ამჟამად არის, ეს არის მაღალი ცხელება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი და შეუპოვარი ცხელება, რომელიც ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში, გრძელდება 6-7 დღე. ვირუსების ძალიან ფართო სპექტრია ახლა გავრცელებული, თუმცა მთელი ავადობის 25%, ამ ეტაპზე უჭირავს H1N1 ტიპის გრიპს, A ტიპის ვირუსს. მაგალითად, ამ წუთში, გვიწევს 6 დადასტურებული A ტიპის გრიპი, 8 პნევმონია. აუცილებელია, რომ როდესაც ბავშვს აქვს გამოხატული ცხელება და სხვა სიმპტომები, არ გავიდეს სკოლაში, ბაღში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხეები, სიცხის დამწევი საშუალებები – მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით,” – აცხადებს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის განცხადებით, პაციენტები, ძირითადად, 5 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

“ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ჩვენს კლინიკაში და, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით გრიპის მაგვარი დაავადების სიმპტომებით მომართვიანობა ნამდვილად გაიზარდა. სიმპტომებია, ძირითადად, მაღალი ცხელება, ხველა და ბავშვები, ვინც სტაციონარში მკურნალობენ, ძირითადად, არიან 5 წლამდე ასაკის. ჩვენთან მკურნალობს, დაახლოებით, 40-მდე პაციენტი.

ვირუსის დაწყებიდან, დაახლოებით, 7 დღის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს აქტიური სიმპტომატიკა. განსაკუთრებით, მცირეწლოვნები უმჯობესია, იყვნენ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ,” – აცხადებს სოფიო ცერცვაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button