ქვეყნის ნომერ პირველი მძარცველი 840-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს

ორწლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა დააკავეს. დაუზუსტებელი ცნობით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში, ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.
დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაკავებული ზუგდიდიდან ქუთაისში გადაიყვანეს, ის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შეყვანის ფაქტს ადასტურებს მისი ადვოკატი, რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 4 მუხლით აქვს წარდგენილი და მათ შორის, ერთ-ერთია ტერორიზმი.
ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15 საათზეა ჩანიშნული, ამის შესახებ ესებუას ადვოკატმა განაცხადა. სოსო ჯანაშიას თქმით, საქმეს ზუგდიდის სასამართლო განიხილავს.
“ველაპარაკე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში, პროკურორს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ყოფილა დაკავებულ სოფელ ჯიხაშკარში და ამჟამად სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს ის გადაჰყავთ ქუთაისის N2 დაწესებულებაში. დღეს ვაპირებ მისვლას, დღის ბოლოსკენ.
დაკავების დეტალები ჩემთვის უცნობია, მანამდე არ მეცოდინება ვიდრე არ შევხვდები,” – განაცხადა ჯანაშიამ.
სამეგრელო, სოფელი ჯიხაშკარი ომიანე ჯიქიას სახლი – ეს ის ლოკაციაა, სადაც #1 ტერორისტად აღიარებული ბადრი ესებუა სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ბანკზე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა, ნათესავის სახლში გამთენიისას დააკავეს.
ბადრი ესებუა ჯიხაშკარიდან ჯერ სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში, შემდეგ კი ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. სახლში, სადაც ის იმალებოდა, რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პოლიციამ იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად, სხვა მტკიცებულებებიც ამოიღო.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლში ასაკოვანი ცოლ-ქმარი და მათი 40 წლამდე შვილი ცხოვრობენ.
დაკავების მიუხედავად ბადრი ესებუა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაკავებიდან რამდენიმე საათში ბრალდებული ადვოკატმა ქუთაისის ციხეში მოინახულა. იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებებს ის კატეგორიულად უარყოფს. მისი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, ესებუა იმ დღეს ბანკში საერთოდ არ იმყოფებოდა.
“ბადრი ესებუა ამბობს, რომ მას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბანკის ძარცვაში და იმიტომ იმალებოდა, რომ ლიკვიდაციის ეშინოდა”, – განაცხადა ესებუას ადვოკატმა.
რამდენ ხანს მფარველობდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ ნათესავს – ომიანე ჯიქია შეკითხვებს არ პასუხობს
ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ბანკი გაძარცვა და მიიმალა, ოჯახს მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
ტარიელ ესებუას თქმით, ოჯახი, სადაც მისი შვილი აფარებდა თავს, ნათესავები არიან – ომიანე ჯიქია მისი ცოლის ბიძაა. ტარიელ ესებუას თქმით, ჯიქიების ოჯახში ბოლოს 5 წლის წინ იყო. რატომ აირჩია ბადრი ესებუამ თავშესაფრად ჯიქიების სახლი, მას ინფორმაცია არ აქვს.
“რაც მოხდა ეს ამბავი[ძარცვა], ჩვენს ოჯახს ჩვენი შვილი არ უნახავს, კონტაქტი არ ჰქონია,” – ამბობს ტარიელ ესებუა
ის, რომ დამნაშავე თავს ჯიქიების ოჯახს აფარებდა, არ იცოდნენ ჯიხაშკარში. ადგილობრივების მტკიცებით, მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
ესებუას დაკავებას მმართველი პარტიისდან კომენტარიც მოყვა
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირონიით ეხმაურება “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილის, ბადრი ესებუას, დაკავებას და ამბობს, რომ “რადიკალური” ოპოზიციისგან “Free ესებუა” კამპანიას ელოდება. 2-წლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დღეს, 8 თებერვალს, ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.”რადიკალური ოპოზიციის მხრიდან “Free ესებუა” კამპანიას ველოდებით, აუცილებლად ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა რომ გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და შემდეგ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან კომენტარში.
“FreeMisha” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი კამპანიაა, რომლითაც მისი მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ იგი სამკურნალოდ გადაიყვანონ უცხოეთის რომელიმე წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა “ვივამედშია”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს იგი ასევე უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. თავდამსხმელის იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა მალევე შეძლეს.
7-საათიანი ტყვეობის შემდეგ, ბადრი ესებუამ მძევლები ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამი მათგანი პოლიციის მაღალჩინოსნის თანხლებით, ჩხოროწყუს სოფელ კირცხში წაიყვანა, უსაფრთხოებაში დარწმუნდა და მიიმალა. ბადრი ესებუას საქმის განხილვა ზუგდიდის სასამართლოში ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობდა.
4 დეკემბერს ის ძებნილად გამოცხადდა.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.