მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება

პარლამენტი, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში.

„ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება. დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.

მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფ ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სამაშველო ღონისძიებას და ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.

ქართველი მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – ალი ქაან ორბაიმ გააცილეს.

სამაშველო ჯგუფები თურქეთში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჩაერთნენ.

მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას.

“როგორც თურქეთის ელჩს საქართველოში, ძალიან მეამაყება იმის თქმა, რომ ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა რეაგირება ჩვენს დასახმარებლად. ინციდენტიდან უახლოეს საათებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დააორგანიზა მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი.

მე გავიგე, რომ მათ უკვე მოახერხეს 21 წლის ქალბატონის გადარჩენა. მათი ადგილზე ყოფნა დიდი იმედის მომცემია ადიამანის მოსახელობისთვის,” – აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 234-მდე გაიზარდა, დაშავებულია 35 000-მდე ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ორივე ქვეყანაში, სირიასა და თურქეთში მიწისძვრას ჯამში, 8 700 ადამიანი ემსხვერპლა.

სამძებრო სამუშაოები ადგილზე გრძელდება.მიწისძვრის შედეგად დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაზიანტეპში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.

შუადღის სამი საათისთვის კი კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მსხვერპლის რაოდენობა კი მუდმივად იზრდება

მსგავსი პოსტები

Back to top button