მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა ანიჭებს ივანიშვილს ოპტიმიზმს და ხალისს

“დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია, უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი”, – აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტია ეხმაურება გუშინ, სოციალურ ქსელში, ბერა ივანიშვილის „ტიკ ტოკ” პლატფორმაზე განთავსებულ ვიდეორგოლს, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე საკუთარ შვილს ორიგინალურად ესალმება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპონენტებს ავტომატურად აღონებს და ხასიათს უფუჭებს ქვეყნის და ხალხის წარმატება. ივანიშვილისგან განსხვავებით, ისინი ხომ მაშინ იქნებოდნენ კარგ ხასიათზე, პანდემიას რომ დამანგრეველი შედეგი მოეტანა იმიტომ, რომ ასობით გარდაცვლილის და ჩამოშლილი ქვეყნის ფონზე, საკუთარ პოლიტიკურ შანსს დაინახავდნენ.

“ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში. ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ – მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების განმავლობაში მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს.”

ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების მაგალითად, “ქართული ოცნების” პრესსამსახურს მის მიერ ჩატარებული თათბირები მოჰყავს:

“მაგალითისთვის, გუშინ, ამ ვიდეოს განთავსებამდე, ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რამდენიმე თათბირი. პირველ თათბირს, რომელიც დილის ათ საათზე დაიწყო, პარტიაში ფუნქციონირებადი ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში და რომელმაც სამ სააათზე მეტ ხანს გასტანა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობაში ჩართული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.

“ამ თათბირზე განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. კერძოდ, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რისკები და პროგნოზები, ამასთან ერთად, შეფასდა იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში; თათბირზე დეტალურად იქნა განხილული დონორებისგან ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ფინანსთა მინისტრი; ყოველმხრივ იქნა განხილული სამთავრობო ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ის სოციალური პაკეტი, რომელსაც ხალხის დასახმარებლად გეგმავს ხელისუფლება, აგრეთვე, მეწარმეებისათვის სახელმწიფოს შეხიდების ღონისძიებები და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პანდემიის მიერ დამუხრუჭებული ეკონომიკის ეტაპობრივი ამუშავების ვადები, რისკები და შესაძლებლობები.”

პარტიის პრესსამსახური ასევე, გვიყვება ე.წ. “პროფილურ საბჭოებთან” გამართული თათბირების შესახებ, რომლებიც უწყების განმარტებით, არა სამთავრობო სტრუქტურების დუბლირებას წარმოადგენენ, არამედ “ეხმარებიან შესაბამის ინსტიტუტებს და სახელისუფლებო შტოებს”.

“ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან; ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან.

“მუშაობის შედეგები სახეზეა, … ყველა ხედავს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი წარმატებით ართმევს თავს გამოწვევებს; ყველა ხედავს, რომ ბევრი ძლიერი ქვეყნისგან განსხვავებით, პანდემიამ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა ვერ შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჯანდაცვის სექტორმა არნახულად კარგად იმუშავა; ყველა ხედავს, პროფილურმა სამინისტროებმა, ბევრად მდიდარი ქვეყნებისგან განსხვავებით უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ შექმნილიყო; ყველა ხედავს, რომ ფინანსთა მინისტრმა სამი მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო; ყველა ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა შედგა ეფექტურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ!

“და რა თქმა უნდა, ეს ანიჭებს ბიძინა ივანიშვილს ოპტიმიზმს და იმის ხალისს, რომ საკუთარ ვაჟთან ერთად ჩაწეროს სახალისო ვიდეო, წარსდგეს არაორდინალურ ამპლუაში და შეზღუდვებით დამძიმებულ მოსახლეობას გაუზიაროს ის ოპტიმიზმი, რომლის საფუძველიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს.” – ნათქვამია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button