მნიშვნელოვანისიახლეები

რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა: რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?-მდინარაძე

უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს მაინც დაძლევს და პარლამენტში პროცესები ისე გაგრძელდება, "როგორც აქამდე მიდიოდა-ოცნების დეპუტატი

ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, გამოცემა “პოლიტიკოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, “ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს”.
მდინარაძის განცხადებით, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა, რა არის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონში. ამ კითხვას კი, მისი თქმით, დაემატა მეორე შეკითხვა – „რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული“.
“სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს!
ბატონები, მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო!
ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!
ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს!
შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის რატომ ეკრძალება საქართველოს?
#კისაქართველოსდამოუკიდებლობას
#კიგამჭვირვალობას
#ღირსებითევროპისკენ”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოში შექმნილი სიტუაციით. მათივე განცხადებით, ორივე ქვეყანა, საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერია. მათ აქტიურად დაუჭირეს კიდეც მხარი 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თუმცა ახლა:

„ღრმა სინანულს გამოვთქვამთ, რომ ვიღებთ ცნობებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, რაც გულისხმობს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას“.

ევროპელი ლიდერების სიტყვებით, „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“, – განცხადებას ხელს აწერენ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი.

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვეტოში, ბოლო პუნქტშიმხოლოდ ერთი წინადადება დაამატა – რუსული კანონი მხოლოდ ერთი დღე იმოქმედებს.
“სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი და ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო. ბოლო პუნქტი, ერთი წინადადება არის დამატებული, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე, მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
იგი ამტკიცებს, რომ კანონი “სამართლებრივად გამართული და მაღალი სტანდარტისაა.” ამასთანავე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს მაინც დაძლევს და პარლამენტში პროცესები ისე გაგრძელდება, “როგორც აქამდე მიდიოდა.”
“კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისი. პრეამბულაში, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში დანარჩენი ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა. ამიტომ ეს ვეტო არის ვეტოსათვის, ანუ პოლიტიკური ჟინიანობის საკითხია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს დასკვნა ჩამოვა ალბათ მომავალ კვირაში და შევხედავთ სამართლებრივ მხარეს, ამის შედეგად ვიმსჯელებთ. წინასწარ არ მინდა, რამე მოლოდინები შევქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენჯერმე გააჟღერა, თუ იქნება ერთი მაინც საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტი, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამის გარშემო. ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, რადგან ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი. პარლამენტში პროცესები როგორც მიდიოდა, ისევ ისე იქნება. თუ მოვა ოპოზიცია, იყვირებს, რუსული კანონიაო. ჩვენ საკანონმდებლო მუშაობას გავაგრძელებთ”, – თქვა ოცნების დეპუტატმა.

„არა რუსულ მთავრობას” – ეს უნდა იყოს სლოგანი და მერე ყველაფერი თავისი ლოგიკით განვითარდება – იქნება ეს მათი გადადგომის იძულება თუ არჩევნებში დამარცხება, უნდა მოხდეს კონსტიტუციური, მშვიდობიანი, კანონიერი გზებით, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფების ძალაუფლებიდან ჩამოცილება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი სლოგანი და ბრძოლა კანონის წინააღმდეგ, მარტივად, ბუნებრივად უნდა გადავიდეს სლოგანში “არა რუსულ მთავრობას”.
„ისინი პასუხისმგებლები არიან საქართველოს ისტორიის წინაშე – მათ პასუხი უნდა აგონ და ჩვენი მთავარი სლოგანი და ბრძოლა კანონის წინააღმდეგ, მარტივად, ბუნებრივად უნდა გადავიდეს „არა რუსულ მთავრობას”, ამ ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან. როგორც კი აღარ გვეყოლება რუსული მთავრობა, ყოველ გაზაფხულზე „რუსულ კანონებთან” ბრძოლა აღარ მოგვიწევს. იქნება ეს მათი გადადგომის იძულება თუ არჩევნებში დამარცხება, უნდა იყოს კონსტიტუციური, მშვიდობიანი, კანონიერი გზებით, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფების ძალაუფლებიდან ჩამოცილება. „არა რუსულ მთავრობას” – ეს უნდა იყოს სლოგანი და მერე ყველაფერი თავისი ლოგიკით განვითარდება”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ეს იქნება პასუხისმგებლობა საქართველოს ისტორიის წინაშე.

„თუ გადაწყვეტენ და ვეტოს მაინც დაძლევენ, ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ იქნება, არამედ პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს ისტორიის წინაშე. ამ ადამიანებს უნდათ ჩვენი სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში აღებული გეზი შემოაბრუნონ და გავხდეთ რუსეთის გაგრძელება. ამ გადაწყვეტილებაზეა საუბარი და არა კანონებში, მუხლებში ჩასწორებაზე და დავაზე ამა თუ იმ სიტყვის გარშემო. ძალიან სწორია, რომ პრეზიდენტმა ამ ტიპის ვეტო დაადო და არ შეჰყვა ამ დისკუსიაში და დებატებში კანონის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ფუნდამენტურ, ეროვნულ ნაციონალურ სახელმწიფოებრივ საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მომავალი თაობის ევროპულ მომავალზეა საუბარი – იცხოვრებენ რუსულ ჭაობში, თუ ევროპულ ქვეყანაში. ეს საკითხია დღეს სასწორზე, ამიტომ მათ ეკისრებათ უდიდესი და უმძიმესი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოსა და მისი ისტორიის წინაშე”,- განაცხადა ცისკარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button