,,რა საბრალოა ზელენსკი იგი თურქეთში პუტინის პირადად ჩასვლას ითხოვდა,,-ლავროვი
ზელენსკის თურქეთში ვიზიტის პარალელურად რუსეთმა უკრაინა დაბომბა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის თურქეთში ჩასვლის მოთხოვნის გამო, “საცოდავი ადამიანი” უწოდა.
“ის დარბის და თავდაპირველად ითხოვდა, პუტინი იქ [თურქეთში] პირადად ჩასულიყო. დიახ, საცოდავი ადამიანია. შემდეგ მისმა უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ ასე სულელურად არ უნდა მოიქცეს და საჭიროა გაიმართოს მოლაპარაკებები”, – თქვა ლავროვმა.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლას გამორიცხავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა: „არა“.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე წინსვლა თუ იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში, ანკარაში დღეს ჩავიდა.
პარალელურად, სტამბოლში უკვე ჩასულია რუსეთის დელეგაცია, რომელშიც არ არის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
გუშინ, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავა. დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
კრემლის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ:
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი
თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჩავლენ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. შეთავაზება გაკეთდა რუსეთის მხრიდან მედიაციის სურვილის ფონზე და თურქეთის ჩართულობით.
13 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. თუმცა, დელეგაციის შემადგენლობა არ დასახელებულა.
14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ 15 მაისს ანკარაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. თუმცა, აღნიშნა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მხარდაჭერა გამოხატა მოლაპარაკებებისადმი და აღნიშნა, რომ შესაძლოა თავადაც დაესწროს შეხვედრას, რაც პუტინის დასწრებაზეა დამოკიდებული.
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 15 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 110 დრონით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, დასავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს 62 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 29 უპილოტო-იმიტატორი კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პოლტავის და კიევის ოლქებში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი. კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ტყის მასივში. სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში დაზიანებულია რამდენიმე ათეული სახლი, საბავშვო ბაღი და მაღაზიები. ნაწილობრივ დაინგრა კულტურის სახლი.
ხერსონის საოლქო პროკურატურის ცნობით, ბერისლავის რაიონში დრონით დარტყმა იყო ავტომანქანაზე, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა. დაიჭრა მძღოლი.
შეგახსენებთ დღეს სტამბოლში იწყება უკრაინის და რუსეთის ოფიციალური პირების მოლაპარაკება.
14 მაისს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. ის მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე, რომლებიც ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან სტამბოლში მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა და ის, რომ პუტინი სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს, მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში არ გაემგზავრება. მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა.
დღეს, 15 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.
ანკარაში გამგზავრებამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობას დასთანხმდება, ის და ერდოანი მზად არიან, ანკარიდან სტამბოლში ჩავიდნენ.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.