რუსთაველის გამზირზე, ორი აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია განახლდა. პარალელურად, პარლამენტის წინ კონტრაქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ორი აქციის მონაწილეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა – ,,თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიიტანეს, თუმცა კონტრაქციის მონაწილეებმა მათ განუცხადეს, რომ ,,გუშინდელის შემდეგ, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ“.
სიტუაცია პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეები მემორიალიდან მოშორებით გაიყვანეს, რის შემდეგაც,მეორე აქციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მემორიალი ყვავილებით შეემკოთ.
,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის ბექა წიქარიშვილის თქმით, ისინი ამ ჟესტით სოციალურ ქსელში არსებულ პროტესტს გამოეხმაურნენ, რაც მემორიალზე ახალგაზრდების ცეკვამ გამოიწვია.
,,ვინც შეურაცხყოფად მიიღო ცეკვა, შევახსენებთ რომ 9 აპრილს დაღუპულებიც ცეკვავდნენ და მღეროდნენ, როცა ისინი დაარბიეს. ისინი რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ, ასევე მოიქცეოდნენ”,- განაცხადა წიქარიშვილმა.
,,თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრებმა გუშინდელი ღამე პარლამენტთან გაათენეს. ისინი 12 მაისს, კლუბ ,,ბასიანსა” და ,,გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საკუთარ პროტესტს მუსიკისა და ცესკვის საშუალებით გამოხატავდნენ.