მნიშვნელოვანისიახლეები

რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა-საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ეკრანიდან, დისტანციურად მიმართა.

ის რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

“84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე, ვერაფერს შეუცვლის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია. მე გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე.

საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?

84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არაა, იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო და მეორე, მთავარი საქმე, თქვენ, ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები, ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რადგან თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს.

და მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ ზოგმა ვერ გაიგო, ვინაა მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან, შეიძლება ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, რადგან ქვეყანამ გამოაჩინა, რა არის, სად არის. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენ გევრდში. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე”.

28 მაისს, საღამოს 7 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. კანონპროექტს, რომელიც მანამდე სამი მოსმენით იყო მიღებული, მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი.

კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა ხუთი დღის ვადაში მას პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე.

„აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.
……………………

მსგავსი პოსტები

Back to top button