შსს 48-ე უბანზე მომხდარი ფაქტის გამო 6 პირი დააკავა [Audio]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

ამის შესახებ  შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან შემდეგი პირები: 1997 წელს დაბადებული რ.ზ, 1994 წელს დაბადებული მ.ნ, 1996 წელს დაბადებული ბ.მ, 1996 წელს დაბადებული ჰ.კ, 1992 წელს დაბადებული ვ.კ და 1993 წელს დაბადებული ა.ნ.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძებას სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც კენჭისყრის შენობაში საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

„სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ“, – განმარტავენ შსს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button