მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

EU უკრაინისთვის დაახლოებით 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს

Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. შესაბამისი წინადადება ევროკომისიამ მოამზადა. თანხები უკრაინის მთავრობის მიმდინარე ხარჯების დაფარვას, კერძოდ, საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის პენსიებისა და ხელფასების გადახდას, ასევე რუსეთის შეჭრის შედეგად დაზიანებული ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას უნდა მოხმარდეს.
განცხადება დონორთა სამიტის წინა დღეს გაკეთდა, რომელიც ამ კვირაში ლონდონში გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ ახალი, უდიდესი დახმარების პაკეტი გამოცხადდება ლონდონში საერთაშორისო კონფერენციის წინა დღეს, რომელიც 21 ივნისს იხსნება.

უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების წინა პაკეტებისგან განსხვავებით, 50 მილიარდი ევროს პაკეტი დაფინანსდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით და არა ფინანსურ ბაზარზე სესხის აღებით. ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა ამ სქემას.

სახსრების გამოყოფის პირობას წარმოადგენს შემდგომი რეფორმები უკრაინაში, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მხრივ.

ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 67 მილიარდ ევროზე მეტი ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია. ამრიგად, დახმარების ახალი პაკეტის მოცულობა მხოლოდ მცირედითაა ნაკლები ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ადრე გაწეული დახმარების საერთო ოდენობაზე.

დანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.

“კარგი სიახლე კოპენჰაგენიდან. დანიამ 2,95 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი, კიდევ ერთი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლიდან 2028 წლამდეა გათვლილი. მადლობა ჩემს ძვირფას მეგობრებს და დანიელ ხალხს”, – წერს Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

16 ივნისს, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს, თუკი ამ გადაწყვეტილებას ამერიკა მხარს დაუჭერს.

მანამდე, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა თქვა, რომ უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button