ახალი ამბებიმნიშვნელოვანირეგიონი

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები კახეთში

პარტია „ევროპული საქართველოდან“ საგარეჯო-გურჯაანი-დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად გიორგი ღვინიაშვილი იბრძოლებს.

გიორგი ღვინიაშვილი ამომრჩეველს პარტიის ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

წარდგენაზე შეკრებილ ადგილობრივებს პარტიის ლიდერები კახეთის რეგიონში არსებულ პრობლემებსა და ყურძნის ფასზე ესაუბრნენ.

ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი და ჩვენი ამოცანაა გავიმარჯვოთ. არ შეიძლება დღეს ყურძნის ფასი სახელმწიფო სუბსიდიით იყოს 80 თეთრი. ეს არის გლეხის დაცინვა. პრობლემების მოგვარებას არჩევნებზე მოსვლა სჭირდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ კახეთის და სამაჟორიტარო ოლქის პრობლემებს კარგად იცნობს.

„ნამდვილად დადგა ცვლილებების დრო. მე ვიცი მთელი ოლქის პრობლემები. ამიტომ გადავწყვიტე, აქ ვიყარო კენჭი“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

გიორგი ღვინიაშვილი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდანაა.

ის პროფესიით იურისტია და 2004- 2008 წლებში, თბილისის პროკურორად მუშაობდა.

2008-2012 წლებში, გიორგი ღვინიაშვილს კახეთის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.

გუბერნატორობამდე და შემდეგ, ის საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრია.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატადად კენჭისყრისას, გიორგი ღვინიაშვილს კონკურენციას პარტია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა ბერიკაშვილი უწევდა.

ბერიკაშვილმა და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმა, კახეთის ყოფილი გუბერნატორი, გახმაურებული საქმის, 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, თუმცა, ღვინიაშვილის კავშირი მომხდარ ფაქტთან არ დადასტურდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს კონკურენციას „ქართული ოცნების“ წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი გაუწევენ.

ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო“ კახეთის მეორე, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, ზურაბ ჭიაბერაშვილს წარადგენს.

ჭიაბერაშვილი რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და კახეთის ყოფილი გუბერნატორია.

2012 წელს, კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე, მან სწორედ გიორგი ღვინიაშვილი შეცვალა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის კონკურენტები ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“ – ასევე კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და „ერთიანი ნაცინალური მოძრაობიდან“, კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი იქნებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button