მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ენმ-ს წევრი ტესტზე უარის თქმის გამო დააჯარიმეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლაგოდეხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი, სამართალდამცავებმა 2 000 ლარით დააჯარიმეს. ადმინისტრაციული იძულების ღონისძიების გამოყენების მიზეზი, ფირუზ გელაშვილის მიერ კორონავირუსის ტესტის გაკეთებაზე უარი გახდა.

მოქალაქის დაუმორჩილებლობის გამო, პოლიციას დახმარებისთვის ლაგოდეხის ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიმართა.

“მიმართვა, გელაშვილის ოჯახის წევრებისათვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მოხდა. ოჯახი რუსთავში ცხოვრობს და მათთან სტუმრად გელაშვილის დედა იმყოფებოდა. მეორე დღეს, რაც დედა დაბრუნდა, მათ ვირუსი დაუდასტურდათ. გელაშვილი კონტაქტში იმყოფებოდა დედასთან, რომელიც შეუძლოდ გახდა და კვლავ რუსთავში წავიდა. ჩემთვის სულ ერთია, რომელი პარტიის წარმოადგენელია, ის არის საზოგადოების აქტიური წევრი და უარს ამბობს ტესტირებასა და თვითიზოლაციაში გადასვლაზე, სპეციალისტებმა ბევრჯერ სთხოვეს. დღეს უკვე დახმარებისთვის პოლიციას მივმართე”, – განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.

თავად ფირუზ გელაშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მას დედასთან კონტაქტი არ ჰქონია.

“ის იყო ჩამოსული, მაგრამ არ მქონია კონტქატი. სკოლაშიც იმყოფებოდა და რატომღაც ამით არავინ ინტერესდება. ჩემს შემთხვევაში, სხვა სტანდარტს იყენებენ. დედაჩემზე ვიხვეწებოდი და არ გვაქვს ტესტიო. იძულებული გავხდით და კერძო ლაბორატორიაში ჩაიტარა კვლევა. ჩემთან ტესტი გაჩნდა. კარგად ვართ, მეც, ჩემი მეუღლეც. მცირეწლოვანი ბავშვები მყავს, არ ვარ ასეთი უპასუხისმგებლო. ოქმს ხელი არ მოვაწერე, არ ვეთანხმები ჯარიმას”, – განაცხადა გელაშვილმა.

დადგენილი წესების ხელახლა დაარღვევისათვის, გელაშვილს უფრო მკაცრი სანქციები დაეკისრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button