“რამდენიმე დღეა, მომწოდებლები შაქარს აღარ გვაძლევენ”

“რამდენიმე დღეა, მომწოდებლები შაქარს აღარ გვაძლევენ”– თელავში სუპერმარკეტები ხელოვნურ შეფერხებებს უჩივიან.
თელავში პროდუქტის მაღაზიებს შაქრის რამდენიმე მიმწოდებელი ჰყავს, რომლებიც პროდუქციის გაყიდვაზე უარს ამბობენ.
სუპერმარკეტების მფლობელებს მიაჩნიათ, რომ შეფერხება ხელოვნურია და ის ფასების შემდგომ ზრდას ემსახურება.
რადიო ჰერეთთან საუბარში ერთ- ერთი მარკეტის მფლობელი ამბობს, რომ მოსახლეობის მხრიდან, პანიკური შესყიდვების დაწყებამდე, მომწოდებელმა შაქარზე უარი უთხრა.
” ჩვენთან ჩვეულებრივად დასრულდა მარაგი და ახლით შევსება რომ დავაპირეთ, მოულოდნელად უარი მივიღეთ. ერთმა მომწოდებელმა შემომთავაზა ტომარა 138 ლარად და არ ავიღე, მეძვირა. რას წარმოვიდგენდი, რომ საერთოდ მარაგის გადაკეტვას აპირებდნენ. ერთ- ერთის იმედი მქონდა, მაგრამ ფინანსური შემოწმება შევიდა და ჯერ ვერაფერს მომცემს. გავიგე, რომ ვისაც მონარჩენი აქვს, ის მაღაზიები 3.80 ლარად ყიდიან ერთ კილოგრამს. რაღაც მიზეზით ხომ დაიტაცა ხალხმა ეს პროდუქტი, უნდა გაირკვეს, მითუმეტეს, რომ უკრაინული და რუსული შაქარი არ გვაქვს“- ამბობს ერთ-ერთი სუპერმარკეტის მფლობელი.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავის სამ მიმწოდებელ პუნქტში შაქრის რამდენიმე ტონიანი მარაგია, თუმცა ის სარეალიზაციოდ ჯერ არ გამოაქვთ.
პროდუქტებზე კრიზისის შექმნამდე, ერთი კილოგრამი შაქრის ფასი, 2.65- 2.70 ლარამდე მერყეობდა.