რას გულისხმობს ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი ბეგარა

ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად განმარტა, თუ რას გულისხმობს მთავრობის ხედვით ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი წესით დაბეგვრა.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ 10%-ით დაიბეგრება ე.წ GGR-ი(Gross Gaming Revenue), ანუ მთლიანი შემოსავალი.
ცნობისთვის, დღეს ეს სექტორი არის განაწილებული მოგების გადასახადზე. ისინი მოგების გადასახადს არ იხდიან, თუკი მოგების განაწილება არ მოხდა.
GGR-ი (Gross Gaming Revenue), ანუ თამაშების მთლიანი შემოსავალი, არის სხვაობა ამა თუ იმ კომპანიის მიერ მიღებული ფსონების რაოდენობასა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის.
მთავრობის ხედვით, იგეგმება სწორედ GGR-ის დაბეგვრა 10%-ით და როგორც მინისტრი ხუციშვილი ამტკიცებს, დაბეგვრის ეს მექანიზმი არცერთი კომპანიისთვის უცხო არ არის და მსოფლიოს ქვეყნების 90%-ზე მეტში სწორედ ეს მოდელი მოქმედებს.
„მაგალითად, თუ კონკრეტულ სათამაშო ოპერატორს თვის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი ჰქონდა 100 ლარი, და აქედან მან [მოთამაშეებზე] გასცა 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ სხვაობა, ესე იგი GGR-ი, არის 70 ლარი. შესაბამისად, მოხდება 70 ლარის 10%-ის დაბეგვრა, ანუ აღნიშნული ოპერატორი მომდევნო თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 7 ლარს გადაიხდის. აქამდე ამ მოდელით დაბეგვრა შეუძლებელი იყო საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მონაცემი [GGR] დაზუსტებული სახით არ გვქონდა, თუმცა ის სისტემები, რაც დღეს ამოქმედებულია და მუშაობს, გვაძლევს ამ მონაცემებს. მათაც [კომპანიებს] ეს მონაცემები ყოველთვიურად აქვთ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმითვე, 10%-იანი განაკვეთი მსოფლიო პრაქტიკაში უმაღლესი სულაც არაა და მთავრობის შეფასებით ამ ტვირთის აწევა აზარტული თამაშის ბიზნესს არ გაჭირდება.
ცნობისთვის, მთავრობა გეგმავს თამაშისთვის სანებართვო ასაკობრივი ზღვარი ასწიოს 25-წლამდე, გაიზარდოს გადასახადები და აიკრძალოს ყველა სახის რეკლამა, გარდა სასპონსორო პაკეტებისა, ისიც სპორტულ მიმართულებებზე, ბეთებში. ეს პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპზე ონლაინთამაშის სრული აკრძალვაა დაანონსებული.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თამაში აეკრძალებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელსაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება, საჯარო მოხელეებსა და 25 წლამდე პირებს.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ „როდესაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს ეხმარება, ხოლო ადამიანი ამ თანხით ტოტალიზატორში თამაშობდეს, ამ მიზნით არ აძლევს ამ თანხას სახელმიწფო“.
რაც შეეხება, საჯარო მოხელეებს, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ შინაგანაწესის დონეზე ყველა სამინისტროს აქვს გაწერილი, რომ ასეთი საქმიანობა არ უნდა განხორციელდეს საჯარო მოხელის მიერ, მაგრამ ახლა საკანომდებლო დონეზე მოხდება ამ [რეგულაციის] ატანა“
რაც შეეხება, 25 წლამდე პირთათვის თამაშის აკრძალვას, მინისტრი ხუციშვილი ამბობსმ, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ასაკთან, გარკვეულწილად შეამცირებს ბიუჯეტში შემოსავლებს, მაგრამ საგადასახადო პოლიტიკა, რაც წარმოდგენილია, დააბალანსებს ამ შემცირებას. მთავრობა არ ელის, რომ მომავალ წლებში შემცირებული იქნება საგადასახადო შემოსავლები ამ მიმართუებით.
ეს რაც შეეხება, მთავრობის გეგმას, ხოლო სათამაშო ბიზნესი თამაშის მოსალოდნელ ახალ წესებს არ იწონებს.
„დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი“, – აცხადებენ აზარტული თამაშების ასოციაციაში.