რას სთავაზობს ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას
მმართველი გუნდი ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ, პოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას სთავაზობს. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“ქართული ოცნების” გუნდს აქვს სამართლიანი შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, უფრო მეტი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი და საჭიროების შემთხვევაში სწორედ ის იყოს მოვალეობის შემსრულებელი.
თუ ამ სამართლიანი და რაციონალური წინადადების საწინააღმდეგო არგუმენტს ვინმე წარმოადგენს, სიამოვნებით მოვუსმენთ, თუმცა აქამდე ასეთი არგუმენტი არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის რაციონალური და სამართლიანი მიდგომა, ნაცვლად იმისა, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი, ვთავაზობთ, რომ არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ იყოს,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნაა.