მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს“. – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

“არა სხვისი თხოვნით”

 

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი “სხვისი თხოვნით, ზეწოლით ან რეკომენდაციით” არ შეუწყალებია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალების უფლებაზე “უნდა-თი” საუბარი მიუღებელია.

“არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამით და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ “უნდა-თი” არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა, არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლაფტორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში”. – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

“არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს”

 

“არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ”. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან.

„წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრების გადავსების მაგივრად დღეს საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში. პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელია და უნდა დასრულდეს. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან“. – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

“ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადავაყოლებ”

 

საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.

“ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას: დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული, წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე. პირდაპირ ვიტყვი, მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს, – სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას”. – განაცხადა პრეზიდენტმა.

“ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადავაყოლებ”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის.

“ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას. რადაც არ უნდა მიღირდეს, და მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის, ალბათ, ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება, მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ. დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/244454359967949/

 

მსგავსი პოსტები

Back to top button