როგორ გავყიდე მეგობარი 300 ლარად – ლია კამლაძის ბლოგი

მეჯვარე ვარ მეგობრის ქორწილში. ჩემდა გასაკვირად, სოფელში გათხოვდა, ქარელის რაიონის სოფელში – დირბი (ორი დღე ვიზეპირებდი სოფლის სახელს…).

ჩავედით საზაფხულოდ გამოწყობილები და პირველი სიურპრიზი… ჯერ ხომ წვიმდა, მერე ქარი ამოვარდა და ,,სეფა” კინაღამ წაიღო…

მოკლედ, შეციებულ-გალურჯებული და პატარძლის სამულეს ჟაკეტმოხურული შევდივარ ოთახში, სადაც მე და ჩემი მეგობარი ჩაგვკეტეს.

მე, რასაკვირველია, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები არ ვიცი და ვერ ვიგებ, რა ხდება. პატარძალი ,,მანათლებს”: ახლა შენ მე უნდა გამყიდო…(დარწმუნებული ვარ თვალები შუბლზე ამიხტა)…

როგორ?- რატომღაც ჩურჩულით ვეკითხები.

გავიგე,- უნდა ვივაჭრო და ქალი, რაც შეიძლება ძვირად გავყიდო…(დედა, როგორ მომეწონა ეს ყველაფერი?!)…

დააკაკუნეს…

რა ვთქვა?!…

რა გნებავთ?-როგორც იქნა მოვაბი თავი და კარებს ყურიც მივადე…

ქალი მოგვეცი-მესმის მამაკაცის ხმა.

რამდენს გადაიხდით?…(ისე მომწონს ჩემი როლი??…) …

200-ლარს…აჰ, არა…350-ჩემი შეთავაზება…

300…ვივაჭროთ?!…

500-ლარს ფეხს არ მოვუცვლი- ხმასაც ავუწიე…

ამ დროს პატარძალი ჩუმად მეჩხუბება, ,,შენ იმდენს იზამ, გაუთხოვარს დამტოვებო”…

მოკლედ, ჩემი აუქციონი დაჩქარებული წესით წარიმართა და 300-ი ლარით დასრულდა.

გავხსენით კარები და…ჩემმა თვალებმა სასწაული დაინახა…პატარა, მსუქანი, თვალებდაჭყეტილი, შავი კაცი…

თავზარდაცემული სკამზე დავეშვი და თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს: რატომ მიჰყვება ასეთ კაცს?…

თურმე კარგა დიდხანს ვყოფილვარ მარტო, გაშეშებული იმ ოთახში…

,,მეჯვარე სად არისო”-ყვირილი რომ ატყდა, ცოტა გამოვფხიზლდი და წელათრეული წავედი ეზოში გაშლილი ,,სეფისკენ”.

ჩემს მეგობარს გვერდით ყალბი ღიმილით დავუდექი და ამ დროს ვხედავ, ცარიელ სეფაში, ამაღლებულ ადგილას, მხოლოდ ერთი კაცი ზის.

ეს ვინ არის?-ვეკითხები პატარძალს.

როგორ ვინ არის?…

ჩემი ქმარია…

რააა…ისე ვიყვირე, ხალხი გაისუსა…ეს არის სიძე?…ლამის არის ვიტირო…(დიდი გადასარევი არც ის იყო, მაგრამ ,,იმ კაცს” ბევრად სჯობდა. მოკლედ, ნორმალური კაცია, ,,ის” მეჯვარე ყოფილა)….

გავმხიარულდი, გავიშალე წელში და მართლა გულით გავიცინე..

მსგავსი პოსტები

Back to top button