საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი თავისუფალია

გიორგი ჭანტურია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც მან განაცხადა, მისი მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, ვისაც რუსული სიმბოლიკა ჰქონდა წარმოდგენილი, სიტყვიერ შეურაცხყოფას და გინებას ადგილი არ ჰქონია.

მისი თქმით, მან პირებს, რომელთაც საოკუპაციო სიმბოლიკა გააჩნდათ, მოღალატეები უწოდა.ჭანტურია სასამართლოში ფეხზე შებმული ე.წ. გეორგიევსკის ლენტით იმყოფებოდა.

მისი განმარტებით, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან საოკუპაციო სიმბოლოს ფეხქვეშ თელავს.

“ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ დღეს სამართალდამცველებს რეაქცია ჰქონდათ მოღალატის წოდებაზე და არა იმაზე, რომ უამრავი ადამიანი იმყოფებოდა საოკუპაციო სიმბოლოთი. მათ შორის დღეს არაერთი რუსეთის მოქალაქე შეგვხვდა, რომლებიც ჩვენს მხოლოდ ერთ თხოვნაზე, რომ მოეხსნათ შეურაცხმყოფელი სიმბოლო, დაგვემორჩილნენ და იხსნიდნენ, თუმცა ქართველები იგივე სიმბოლიკას კბილებით იცავდნენ. ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი და არა ის, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ”, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

დღეს, 9 მაისს, თბილისში, ვაკის პარკში სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჭანტურია. მან ვაკის პარკში „გეორგიევსკის ბაფთით“ მისულ ერთ-ერთ პირს ჩამოხსნა ეს სიმბოლო, რასაც ჭანტურიას დაკავება მოჰყვა.

ვაკის პარკში დანარჩენი რამდენიმე პირის დაკავებაც „გეორგიევსკის ბაფთასთან“ დაკავშირებულ ინციდენტებს მოჰყვა.

“გეორგიევსკის ბაფთას” რუსეთში განსაკუთრებით ხშირად იყენებენ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ. ის ბევრს მიაჩნია რუსეთის იმპერიული მისწრაფებების სიმბოლოდ.

მსგავსი პოსტები

Back to top button