რომის პაპი აღდგომის ორშაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, აღდგომის ორშაბათს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ვატიკანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, წმინდა მამა დილით, ადგილობრივი დროით 07:35 საათზე, საკუთარ რეზიდენციაში – კასა სანტა მარტაში – მშვიდად მიიცვალა.
გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას კარდინალმა კევინ ფარელმა აცნობა:
„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ ჩვენი წმინდა მამა, ფრანცისკე, უფლის სახლში დაბრუნდა. მისი მთელი ცხოვრება უფლისა და ეკლესიის მსახურებას დაეთმო,“- განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა მიმართვაში.
კარდინალის თქმით, პაპი ფრანცისკე განსაკუთრებული ერთგულებით, სიმამაცითა და უნივერსალური სიყვარულით ქადაგებდა სახარების ღირებულებებს, განსაკუთრებით – გაჭირვებულთა და გაშიშვლებულთა სასარგებლოდ.
„უზარმაზარი მადლიერებით ვიხსენებთ მის მაგალითს, როგორც ჭეშმარიტი მოწაფისა იესო ქრისტეს გზაზე, და ვაბარებთ მის სულს ყოვლისმოწყალე სამების უსაზღვრო სიყვარულს,“ – ვკითხულობთ ვატიკანის განცხადებაში.
პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ის კათოლიკურ ეკლესიას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მან ცოტა ხნის წინ ორმხრივი პნევმონიის მძიმე შეტევა გადაიტანა