პუტინის სააღდგომო ზავის დაპირების მიუხედავად უკრაინაში საჰაერო განგაშია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა ბელგოროდის ოლქში კონტროლირებადი ტერიტორია გააფართოვა, ხოლო კურსკის რეგიონში პოზიციებს ინარჩუნებს. მისი თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა ხალხის სიცოცხლით თამაში — აღდგომის დღესასწაულზე უკრაინის ცაში “შაჰედის” ტიპის დრონები გამოჩნდა, რაც მისივე თქმით, პუტინის რეალურ დამოკიდებულებას ასახავს ადამიანების სიცოცხლისა და რელიგიური დღესასწაულების მიმართ.
“ახლახან მივიღე მოხსენება მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისგან. დღეს, ჩვენი ძალები აგრძელებენ აქტიურ მოქმედებას კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ინარჩუნებენ პოზიციებს. ბელგოროდის რეგიონში კი ჩვენს ჯარისკაცებს წინსვლა ჰქონდათ და გააფართოვეს კონტროლის ზონა.
ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადებას, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას, ხალხის სიცოცხლით ითამაშოს — ამ წუთებში, უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საჰაერო განგაში. 17:15 საათზე ჩვენს ცაში დაფიქსირდა რუსეთის იერიშის დრონები. უკრაინული საჰაერო თავდაცვა და ავიაცია უკვე მუშაობენ ჩვენი დაცვის უზრუნველსაყოფად.
“შაჰედები” ჩვენს ცაში ასახავს პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევები ამ დრომდე გრძელდებოდა. 18 აპრილ ხარკოვზე შეტევის შედეგად ასამდე ადამიანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი კი აცხადებდა, რომ “ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და გძულდეს სიცოცხლე, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე დიდ პარასკევს, აღდგომის წინა დღეს”.
19 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა “სააღდგომო ზავი” აამოქმედა.