მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსები მორიგი შეტევისთვის ემზადებიან, მაგრამ ახლაც არ წყვეტენ თავდასხმებს.

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსები მორიგი შეტევისთვის ემზადებიან, მაგრამ ახლაც არ წყვეტენ თავდასხმებს.

“რუსები მომავალი შეტევისთვის ემზადებიან, მაგრამ ახლაც არ წყვეტენ თავდასხმებს. თებერვალში, ლუჰანსკის რეგიონში ახლად მობილიზებული ორკები ჩამოვლენ – რუსეთი მათზე ფსონს დებს შეტევაში. მტრის ტექნიკის მასობრივი გადატანა ჩვენი მიმართულებით ჯერ არ დაფიქსირებულა.

ჩვენი მცველები ახლა თავდაჯერებულად იკავებენ თავიანთ პოზიციებს, ყველაფერი სტაბილურადაა, როგორც ბელოგოროვკაში, ისე სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით. ჩვენც მზად ვართ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ, ჰაიდაიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ფრონტის ხაზთან მცხოვრები ადამიანების დეპორტაცია გრძელდება. მისი თქმით, რაშისტებს ეშინიათ, რომ ხალხი შეიარაღებულ ძალებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსები ხერსონს უკრაინის ჯარების შესაძლო კონტრშეტევის შეკავების მიზნით ბომბავენ.

“ბოლო დღეებში, კონფლიქტის ზოგიერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა, სავარაუდოდ, განხორციელდა მდინარე დნეპრის გასწვრივ, სამხრეთ უკრაინაში. ეს მოიცავს რუსული ძალების მხრიდან ქალაქ ხერსონის მუდმივ დაბომბვას არტილერიით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, აღნიშნულია, რომ 29 იანვარს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხერსონში კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

რამდენიმე დღის წინ, ხერსონი რუსეთის მხრიდან მასიური დარტყმის ქვეშ იყო, რის შედეგადაც დაზიანდა სამხედრო ტექნიკა, საევაკუაციო მანქანები. რუსმა ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს საავადმყოფო, ავტოფარეხი და სკოლის სათამაშო მოედანი.

გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთი დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავს. ამასთან, დაზვერვის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰყავდეს საკმარისი უმოქმედო ჯარი რეგიონში მნიშვნელოვანი ოპერატიული გარღვევის მისაღწევად.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

“რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 31 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ბახმუტში, 1 პარასკოვიევკაში და 1 ვუჰლედარში. რეგიონში კიდევ 6 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, 1 თებერვლის მდგომარეობით, დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა მოკლეს მინიმუმ 1339 მშვიდობიანი მოქალაქე, 2939 კი დაშავდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ახლა ფრონტზე რთული ვითარებაა და მტერი შეტევით ოპერაციებს აგრძელებს.

“ძალიან აქტიური ეტაპის წინ ვართ. თებერვალი და მარტი ძალიან აქტიური იქნება. ახლა ფრონტზე მძიმე ვითარებაა – მტერი შეტევით ოპერაციებს აგრძელებს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

იუსოვის თქმით, მტრის დანაკარგები გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინის არმიაში, მაგრამ რუსებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ სცადონ ბრძოლა “რაოდენობრივად”.

“უკრაინელი ჯარისკაცების უნარი და მოტივაცია, პლუს აღჭურვილობა და იარაღი – როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარება – არის ის, რაც საბოლოოდ შეცვლის ამ თავდასხმების დინებას”, – განაცხადა იუსოვმა.

22 იანვარს, უკრაინის დაზვერვამ აღნიშნა, რომ გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი ომში გადამწყვეტი იქნება. ამასთან, დაზვერვის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა მტრის ახალი თავდასხმა კიევზე ბელარუსიდან, ისევე როგორც აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინის სახელმწიფოს სამხრეთ ნაწილში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button