მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა დაცხრილეს ის ნავი რომელითაც ბავშვი გაქცევას ცდილობდა

ბოლო 24 საათში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიას კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა. დაიჭრა 9 არასრულწლოვანი. გოგონას ცხედარი იპოვეს ბუჩაში საერთო საფლავში, მეორე ბავშვი კი, რომელიც რუსებმა დაცხრილეს, ნავით გაქცევას ცდილობდა. შემთხვევა დნეპროპეტროვსკის ოლქში მოხდა.

ბუჩაში მოკლული 163 ადამიანი ინდენტიფიცირებულია. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 320 ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. რუსული ძალები ოდესის ოლქს შავი ზღვიდან უტევენ. რუსული სამხედრო გემების მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ რეგიონში ინფრასტრუქტურა დააზიანა. თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა ხარკოვი. ქალაქი, რომლის ინფრასტრუქტურის 70%-ზე განადგურებულია. იერიში უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ამჯერადაც სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს. დაიჭრა 15 ადამიანი, დაიღუპა ერთი. ცნობებს ავრცელებს ქვეყნის პროკურატურაც, რომელთა მიხედვითაც ხარკოვის ოლქის ქალაქ გუსაროვკაში ოკუპანტებმა სამი ადგილობრივი მოკლეს, მათი ცხედრები კი დაწვეს. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

მეტად დაძაბულია ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთით. ლუგანსკის ოლქს ორი დღის განმავლობაში ინტენსიუირად ბომბავენ. იყენებენ ფოსფორის ბომბებსაც, რომელიც ვენის კონვენციით არის აკრძალული.

ამასთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან კიდევ ერთი ტერიტორია გაათავისუფლეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სუმის ოლქი ოფიციალური კიევის კონტროლს დაუბრუნდა

“რუსი დამპყრობლების ყურადღება მარიუპოლზეა მიმართული, რომლის აღებასაც ოკუპანტები უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობენ. შეტევაა ქალაქ იზიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ბელარუსში ე.წ. მოხალისეებით კერძო სამხედრო კომპანიის ახალ ნაწილებს აკომპლექტებენ. ინფორმაცია ზუსტდება. მტერი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს მტრის შვიდი შეტევა, განადგურდა ოთხი ტანკი, ორი საარტილერიო სისტემა, ათი ერთეული ჯავშანტექნიკა და თერთმეტი ერთეული მტრის მანქანა,” – აცხადებს ოლექსანდრ სტუპუნი.

რაც შეეხება რუსული მხარის ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის 42 სამხედრო ბაზა დაბომბეს.

“დღის განმავლობაში, მაღალი სიზუსტის საჰაერო რაკეტები მოხვდა უკრაინული სამხედრო ტექნიკის საწყობს ჟიტომირში. დარტყმის შედეგად განადგურდა რეზერვები, რომლებიც განკუთვნილი იყო დონბასში უკრაინის ჯარების გადაჯგუფებისთვის. გასული დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ უკრაინის 42 სამხედრო ობიექტს დაარტყა. რუსეთის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს ორი უკრაინული სამხედრო ვერტმფრენი ქალაქ ხერსონთან, ასევე სამი უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ორი “ბაირაქტარი TB2,“- აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კიევის, ჟიტომირის და ჩერნიგოვის ოლქები ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს.

ბოროდიანკაში საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებში  კი 26 ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

პროკურორის თქმით, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსები საღამოს დაბომბეს, როდესაც შენობაში ხალხის მაქსიმალური რაოდენობა იყო.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ბოროდიანკაში მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით, უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე ბუჩაში.

რუსების კიდევ ერთი სისასტიკე – ოკუპანტებმა 16 წლის გოგო და 78 წლის ქალი გააუპატიურეს. შემზარავი ამბავი ხერსონში მოხდა. ინფორმაციას კრივოი როგის ადმინისტრაციის მეთაური ავრცელებს.

ალექსანდრე ვილკულას ცნობით, აგრესორებმა ასევე, დაბომბეს ნავი, რომელსაც მშვიდობიანი მოქალააქები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა. იქ ბავშვებიც იყვნენ.

არის ამბები, რის გამოც სისხლი გვეყინება . ჰერსონის ოლქის ქალაქების გადათავისუფლების შემდეგ ჩვენ ვაწყდებით, უმძიმეს ისტორიებს: გააუპატიურეს 16 წლის ორსული გოგონა და 78 წლის მოხუცი ინგულეცკის მიმართულებით. რუსმა ჯარისკაცებმა წყალსაცავთან კრივოი როგის ოლქში, ჩაცხრილეს ნავი, რომელსაც ხალხი ოკუპირებუილი რეგიონებიდან გადმოჰყავდა. მას ესროლეს პირდაპირ გრადებიდან. ნავში 14 ადამიანი იყო. სამი ბავშვი და 11 უფროსი. დაიღუპა 13 წლის ბავშვი, შვიდი საავადმყოფოშია. 2 უგზო უკვლოდ დაიკარგა. ეს იყო მეშვიდე რეისი, რომელსაც ეს ნავი ასრულებდა და ხალხი გადაჰყავდა. ნაძირლები, იცოდნენ, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო და დაბომბეს ისინი რაკეტებით, იმიტომ რომ უნდოდა სიცოცხლე. ეს არის სამხედრო დანაშაული და გზა ჰააგის ტრიბუნაკლისკენ. ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან სიკვდილი ან გამარჯვება, – ამბობს ვილკულა.

რუსმა აგრესორებმა გასულ ღამეს ხარკოვსა და მის შემოგარენზე 48 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არტილერიით, ნაღმმტყორცნებით, ტანკებითა და სარაკეტო სისტემებით დაახლოებით 48 დარტყმა განახორციელეს ქალაქის ცენტრზე, სალტივკას, პიატიხატოკის, ოლექსიევკას, დერგაჩის რაიონებზე. დაშავებულია 15 ადამიანი”, – ამბობს სინეგუბოვი.

მისივე ცნობით, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი. სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button