რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე
რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევის მიერ მათი შემდგომი გაჭიანურება გაართულებს მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ლავროვმა რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, მოსკოვის პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან და ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
„თათბირის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას პრეზიდენტმა უკრაინის „ისტორიაზე“ განაცხადა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“, – აღნიშნა ლავროვმა.
6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი.
ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია.
10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს.
რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.