მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ავდეევკას მახლობლად დიდ დანაკარგებს განიცდის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სამხრეთიდან ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობისას, რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, როგორც ჩანს, დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ტაქტიკურ შეცდომებს უკავშირდება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ მე-10 სატანკო პოლკი რუსეთის არმიის მე-3 კორპუსის შემადგენლობაშია, რომელსაც დისციპლინის და საბრძოლო სულისკვეთების მხრივ პრობლემები აქვს და ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებული სწავლების მიუხედავად, მისი ბრძოლის ეფექტიანობა კვლავ შეზღუდულია.

“ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას რუსული ჯარები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან და იქ მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევიათ. ბოლო დღეებში, რუსეთი აგრძელებს პრიორიტეტის მინიჭებას ავდეევკას ალყაში მოქცევის ოპერაციას. რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, სავარაუდოდ, ტანკების უმეტესი ნაწილი დაკარგა სამხრეთიდან ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, ჯავშანტექნიკის დანაკარგები, სავარაუდოდ, გამოწვეულია ტაქტიკურად არასწორი ფრონტალური შეტევებით, ისევე როგორც სხვა ბოლოდროინდელი წარუმატებელი რუსული შეტევები, ქალაქ ვუჰლედარის გარშემო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 62 შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის.
26 მარტს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთმა რეგულარულად დაიწყო ირანული წარმოების დრონების მიღება. დაზვერვის თქმით, მარტის დასაწყისიდან, რუსეთმა უკრაინაში 71 ირანული უპილოტო თვითმფრინავი Shahed გაუშვა.

ამასთან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსი ოკუპანტები ავდეევკაზე თავდასხმისთვის ვაგნერიეს ქვედანაყოფებს აძლიერებენ.

“რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, რამდენიმე მაღალკვალიფიციური ვაგნერის ქვედანაყოფი ავდეევკაზე შეტევისთვის განალაგა, რათა გააძლიეროს ბოლოდროინდელი შეზღუდული ტაქტიკური მიღწევები ამ მხარეში”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, 27 მარტს, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ რუსტამ მურადოვის გადადგომის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში თავშეკავებული და ცინიკური რეაქცია გამოიწვია.

გარდა ამისა, ინსტიტუტის ცნობით, არის ვარაუდი, დასავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის გადაყენების შესახებ, რომლის ჯარები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ, აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button