მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი და მძიმე ბრძოლები უკვე 398 დღეა მიმდინარეობს

ღამით კიევსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. რუსული ძალები უკრაინას დრონებით ორი მიმართულებით დაესხნენ. კიევისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი.
ოკუპანტებმა სუმისა და ჩერნიჰივის ოლქებში ცეცხლი გაუხსნეს 5 დასახლებას, ჯამში 40 დარტყმა დაფიქსირდა. დაზიანდა სახლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
36-ამდე გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა სლავიანსკის დაბომბვის შემდეგ. დარტყმები განხორციელდა ნიკოპოლზეც. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას – უკრაინამ უკვე მიიღო გერმანიის მიერ დაპირებული “ლეოპარდ-2-ის” ტიპის 18 ტანკი, 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ორი ჯავშანმანქანა. დამატებით სამი ტანკი გადასცა პორტუგალიამაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 62 შეტევა. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისთვის.
გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით მოწინააღმდეგის იერიშები წარუმატებელი იყო. რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, გენშტაბის თანახმად, მტერი უტევს უშუალოდ ქალაქ ბახმუტს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ და დასახლებულ პუნქტებს: ორეხოვო-ვასილევკას, ბოგდანოვკას, ივანოვსკოეს და ოზარიანოვკას. ეს დასახლებული პუნქტები მდებარეობს ბახმუტის დასავლეთში, ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ რუსეთი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს. მისი თქმით, უკრაინის ძალების ამოცანაა მტრისთვის დიდი ზარალის მიყენება და მათი რესურსების ამოწურვა.

“რუსები ცდილობენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებაზე. ისინი არ წყვეტენ ქალაქის ალყაში მოქცევისა და აღების მცდელობებს. მტერმა გაისროლა ყველა თავისი საუკეთესო შენაერთი გამარჯვების მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი მტერი გავანადგუროთ და შევქმნათ წინაპირობები, რომ შეტევაზე გადავიდეტ”, – წერს სირსკი.

მისი თქმით, მთავარი ამოცანაა მტრის ძალების ამოწურვა, რაც დააჩქარებს უკრაინის გამარჯვებას და მათი მიწების გათავისუფლებას.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 26 და 27 მარტს რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობდნენ სახმელეთო შეტევას ბახმუტსა და მის შემოგარენზე და წარმატებას მიაღწიეს ქალაქ ბახმუტში.ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გამოცდილი მებრძოლების გარკვეული ნაწილი გაგზავნა ავდეევკის რაიონში, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უხარისხო და ძალაგამოცლილი სამხედრო დაჯგუფებების დასახმარებლად.
ამერიკელი ექსპერტები ავდეევკაში „ვაგნერელების“ გაგზავნას უკავშირებენ რუსეთის მიერ ამ რაიონში, ბოლო ერთ კვირის განავლობაში მიღწეულ შეზღუდულ ტაქტიკურ წარმატებას.
ამასთან უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინული არმიის მიზანია რუსეთის ძალების გამოფიტვა და ის, რომ მტერმა დიდი დანაკარგი განიცადოს.

“რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს, უკრაინული ძალების ამოცანაა მტრის ძალების გამოფიტვა და ის, რომ მტერმა დიდი დანაკარგი განიცადოს. რუსები თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

სირსკის თქმით, რუსეთის ძალების გამოფიტვა და დიდი სამხედრო დანაკარგები შექმნის აუცილებელ პირობებს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის მიწის გათავისუფლებას და უკრაინელების გამარჯვებას დააჩქარებს.

მანამდე, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი ახლა მიმდინარეობს, ვითარება კი სტაბილურად მძიმეა. სირსკის თქმით, მტერი ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, მაგრამ შეტევითი ოპერაციების წარმოებას აგრძელებს.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, 28 მარტს ღამით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფო ნაღმმტყორცნებით დაბომბეს.

მისივე ცნობით, ავიაიერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია შენობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button