მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი დაჟინებით სთავაზობდა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას

უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსეთი დაჟინებით სთავაზობდა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ოლგა სტეფანიშინამ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან იყო საჯარო და არასაჯარო მცდელობები. უკრაინა არასოდეს დაშორებულა მოლაპარაკებებს, მაგრამ იმ დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს მიწაზე და აგრძელებს ყოველთვიურად, მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმათგან, რაც იყო თებერვალში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ოლგა სტეფანიშინას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებს უკრაინის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად სთავაზობს. გასულ კვირას უკრაინის არმიამ დაიწყო კონტრშეტევა და გაათავისუფლა ათობით დასახლებული პუნქტი ხარკივის რეგიონში, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იზიუმი და ბალაქლეია.

“ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ სცენარში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური დღის წესრიგის განხორციელებას და მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, როცა უკრაინისთვის შესაფერისი მომენტი იქნება.”- თქვა სტეფანიშინამ.

მისი აზრით, არსებული ვითარება უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

“და მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება არა რუსულ ულტიმატუმებზე, არამედ იმაზე, რაც არა მხოლოდ დაასრულებს ომს, არამედ რუსეთს რეზერვების აღდგენის შემდეგ ხელს შეუშლის შემდგომი ომის განვითარებას ჩვენს მიწაზე.​”- განაცხადა სტეფანიშინამ.

სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც შეეხო.

“ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებს ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება.”- თქვა ლავროვმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button