მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ წარუმატებლობის პირველი საჯარო აღიარება-(ISW)

ოკუპირებული ლუჰანსკის ე.წ. სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ განაცხადა, რომ უკრაინული არმია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრებს მიუახლოვდა.

როგორც მან როსია 1-ის ეთერში თქვა, ზოგიერთ მონაკვეთზე შეხების ხაზი საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 10 კილომეტრშია.

“ეს ძალიან ცოტაა, ასე ვთქვათ, სამხედრო მოქმედებებისთვის”, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ “სიტუაცია ნამდვილად რთულია”.

ამავე დროს მაროჩკო ამტკიცებს, რომ ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია სრულად კონტროლდება ეროვნული მილიციითა და სამოკავშირეო ძალებით.

აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში უკრაინელებმა ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყეს, რომლის ფარგლებში 6 000 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაიბრუნეს.

ლუჰანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ რეგიონში უკვე შექმნილია დეოკუპაციის შტაბი.

კრემლმა აღიარა მარცხი ხარკოვის ოლქში, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ წარუმატებლობის პირველი საჯარო აღიარებაა. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის კვლევის ინსტიტუტი(ISW) წერს.

ცენტრის ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ხარკოვში მარცხის მიზეზებზე კრემლის და მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მსჯელობა მნიშვნელოვნად განსხვავდება გაშუქების ადრინდელი მოდელისგან. კერძოდ, კრემლს არასდროს უღიარებია დამარცხება კიევთან ან კუნძულ ზმეინიზე და კიევიდან უკან დახევას იმით ხსნიდა, რომ პრიორიტეტი დონბასის „გათავისუფლება“ იყო, ხოლო ზმეინიდან გასვლა – „კეთილი ნება“. ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს მოდელი გამოიყენა ხარკოვის შემთხვევაშიც და ამ ოლქიდან ჯარების გაყვანა „გადაჯგუფების“ აუცილებლობით ახსნა, რასაც ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად მოჰყვა მკაცრი კრიტიკა.

ISW-ის შეფასებით, ხარკოვის შემთხვევაში კრემლის მიერ მარცხის აღიარება ნაწილია ძალისხმევის, რომელიც მიზნად ისახავს წარუმატებლობით გამოწვეული კრიტიკის გადატანას პრეზიდენტ პუტინიდან თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ხელმძღვანელობაზე.

ანალიტიკური ცენტრის თანახმად, ამჟამად კრემლში მუშაობენ იმისთვის, რომ პუტინს პასუხისმგებლობა ჩამოაშორონ და ხარკოვის ოლქის დაკარგვის გამო ბრალი დასდონ არასაკმარისად ინფორმირებულ სამხედრო მრჩევლებს. კრემლში არსებული ეროვნებათაშორისი საბჭოს წევრმა, ბოგდან ბეზპალკომ განაცხადა კიდეც, რომ პუტინის მაგიდაზე უნდა დაიდოს თავები იმ სამხედრო ჩინოსნების, რომლებმაც ვერ შეამჩნიეს ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების და ტექნიკის კონცენტრაცია და ყურადღება არ მიაქციეს გაფრთხილებებს მოსალოდნელი კონტრშეტევის შესახებ.

ISW ადრე წერდა, რომ ხარკოვის ოლქიდან რუსული ჯარის გაყვანის შემდეგ, კრემლმა გადადო პუტინის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის მიერ ხარკოვის ოლქში მარცხის აღიარება აჩვენებს, რომ პუტინი მზად არის და შეუძლია დამარცხება თუნდაც ნაწილობრივ აღიაროს და მიიღოს კიდეც და ფოკუსირება მოახდინოს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აკონტროლებდა და ეს ტერიტორია დაიბრუნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 სექტემბერს დაადასტურა ხარკოვის ოლქის ბალაკლეის და იზიუმის რაიონებიდან ჯარების გაყვანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რასაც ოფიციალურად უწოდა “გადაჯგუფება” დონეცკის მიმართულებით “ძალისხმევის გასაძლიერებლად”.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 33 საავიაციო დარტყმა და 58 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ხარკოვის და დონეცკის ოლქების 33 დასახლებულ პუნქტში.

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 12 დარტყმა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა კი, ჩამოაგდეს 2 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 1 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის ბრიგადების და ბატალიონების მართვის 9 პუნქტს და ცოცხალი ძალის და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს 3 რაიონში. სარდლობის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ჯერ დაზუსტებული არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის არმია ყოველდღიურად განიცდის ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგს, რომლის შევსებასაც სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის პატიმრების ხარჯზე ცდილობენ. გენშტაბის მონაცემებით, ტულის ოლქის კოლონიებში მყოფ პატიმრებს 3-თვიანი სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ჰპირდებიან სასჯელისგან გათავისუფლებას, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებმა კი, 6 თვით უნდა იმსახურონ. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, დანაკარგების შესავსებად იძულებითი მობილიზაციის მითითება მიიღეს რუსეთის ქალაქ გორლოვკის სამხედრო კომისარიატში.

მსგავსი პოსტები

Back to top button