მნიშვნელოვანისიახლეები

„რუსეთი გვართმევს სამშობლოს გვართმევს სიცოცხლეს გვართმევს მომავალს“-ირწმუნე უკრაინის – აქცია თბილისსა და ბათუმში

„ირწმუნე უკრაინის!“ – ამ მოწოდებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის ძეგლიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა, რომელიც მრავალწლიანი აგრესიული ომის კულმინაციაა.

„ომისა, რომელიც რუსეთმა 10 წლის წინ დაიწყო ყირიმის ანექსიით. ორი წლის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა სიმამაცის, გამბედაობის, გამძლეობისა და ერთიანობის მაგალითები სასტიკი, რიცხობრივად აღმატებული მტრის წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ და შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რა ფასად არის მოპოვებული ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი და მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმშვიდე“, – ამბობენ მსვლელობის მონაწილეები.

“ორი წლის წინ აქ მტრის ჯარებს ცეცხლით შევხვდით”, – განაცხადა გოსტომელში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში
2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაიანის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციისთვის“. რამდენიმე წუთში საჰაერო და სარაკეტო იერიშები დაიწყო უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ კიევშიც. ამას მოჰყვა სახმელეთო შეჭრა რამდენიმე მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 18-დან 60-მდე ასაკის ყველა მამაკაცისთვის, რომლებსაც აეკრძალათ ქვეყნის დატოვება. რუსეთის შეტევა თავდაპირველად დაიწყო ჩრდილოეთის ფრონტზე ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, სამხეთის ფრონტზე ყირიმიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტსა და აღმოსავლეთის ფრონტზე დონეცკიდან და ლუჰანსკიდან. მარტის განმავლობაში რუსეთის წინსვლა კიევის მიმართულებით უშედეგო იყო. მძიმე დანაკარგებისა და ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსეთის ძალებმა კიევის ოლქი დატოვეს 3 აპრილს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარა ვიჩკანოვამ განაცხადა, დღეს შეკრების ერთ-ერთი მიზეზია, პატივი მიაგონ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

„​დღეს შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ომში დავკარგეთ. გვინდა, კიდევ ერთხელ მოგვაქციოს მთელმა მსოფლიომ ყურადღება, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში უკვე ორი წელია“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

„რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ.

საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ფოტოები გამოფინეს.

ევროპის მოედანზე ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებიც გამოფინეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეკრებილ თანხას უკრაინაში დაზარალებულ ქალაქებს გაუგზავნიან.

ამასთან, შეკრებილები ევროპის მოედანზე სიტყვით გამოვიდნენ და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა დაგმეს.

მათი თქმით, ოკუპანტი რუსეთი ყოველ დღე კლავს უკრაინის მოქალაქეებს, რაც ცივილური საზოგადოებისთვის მიუღებელია. ევროპის მოედანზე შეკრებილებს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button