მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესსპიკერი, კირა იარმიში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

იგი მადლობას უხდის მათ, ვინც ოჯახს მხარს უჭერდა და ასევე წერს, რომ ჯერ არ არის ცნობილი ჩაერევა თუ არა რუსეთის ხელისუფლება დაკრძალვის პროცესში.
„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერ ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება მის ისე ჩატარებას ხელს, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, – წერს კირა იარმიშმა.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ეფ-ეს-ბემ ლუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენა და სამი საათი მისცა დრო – ოპოზიციონერი ხალხისგან საიდუმლოდ და ცერემონიის გარეშე დაეკრძალა, ან მას კოლონიის ტერიტორიაზე, ყველასგან უცნობ ადგილას დაკრძალავდნენ.

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: “გარდაცვალების მიზეზი დგინდება”.

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც “პოლარულ მგელსაც” უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button