მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს

უკრაინის არმიის მიერ დონეცკის გარეუბან მაკეევკაში მდებარე ყაზარმაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, რომელშიც რუსეთის მობილიზებული მეომრები იმყოფებოდნენ, შესაძლოა ასობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ “ტელეგრამში” იუწყებიან კრემლის მხარდამჭერი არხები. უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს ცნობით, დაიღუპა 400 ადამიანი.

მობილიზებულები განთავსებული იყვნენ პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში, კრემლის ქუჩაზე. რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ ობიექტზე დარტყმა ახალი წლის ღამეს განხორციელდა HIMARS-ის სისტემის მაღალი სიზუსტის რაკეტით.

ომის მხარდამჭერი რუსული არხი „ცარგრადის“ თანახამად, ადგილობრივ ჩატებში დაღუპულთა რაოდენობას „ასეულობით“ აფასებენ. პრორუსული არხი „ოპერატივნიე სვოდკი“ 500 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას. რუსი სამხედრო ბლოგერი ბორის როჟინი, რომელიც ომს აშუქებს, “ტელეგრამში” იუწყება, რომ 1 იანვარს საღამოს ჯერ კიდევ წმენდენ ნანგრევებს.

უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველო “ტელეგრამში” საკუთარ არხში ამტკიცებს, რომ მოკლულია 400 ადამიანი და დაიჭრა 300. უკრაინის გენშტაბის 1 იანვრის ცნობებში მაკეევკის ინციდენტის შესახებ ცნობები არ გამოქვეყნებულა.

რუსეთის არმია არ ასაჯაროებს უკრაინაში მიმდინარე ომში საკუთარ დანაკარგებს. პენტაგონმა ნოემბერში განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით 100-100 ათასია თითოეულ მხარეს.

რუსეთში სექტემბერში გამოცხადდა მობილიზაცია. დაგეგმილი იყო 300 ათასი ადამიანის გაგზავნა ჯარში. მობილიზებულებს არაერთხელ დაუჩივლიათ არასათანადო მომზადებისა და აღჭურვის, ასევე ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის თაობაზე. ჟურნალისტებმა დამოუკიდებლად შეძლეს 430 მობილიზებულის სიკვდილის დადასტურება.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, 1 იანვარს მათ შეძლეს 44 დრონის ჩამოგდება კიევსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქებში. კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 19 წლის ბიჭი. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმისას ჩამოგდებულია 20 დრონი, რომელთა უმეტესობა 1 იანვრის ღამით გამოიყენეს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტებიც, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია.

“დედაქალაქის ღამის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა” – წერს Telegram-ზე ვიტალი კლიჩკო.

რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა არ შეუწყვეტია არც ახალი წლის ღამეს და არც მომდევნო დღეებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button